საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და ისრაელის ელჩმა
საქართველოში შაბთაი ცურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს, სადაც მხარეებმა სისტემაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს და ორმხრივ თანამშრომლობაზე იმსჯელეს.
მიხეილ ბატიაშვილმა ისრაელის ელჩს საქართველოს მთავრობის მიერ განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული ახალი ინიციატივა „განათლება - გზა თავისუფლებისკენ“ გააცნო, რომელიც საქართველოს განათლების სისტემას ევროპულ სივრცესთან კიდევ უფრო დააახლოებს და მიმზიდველს გახდის. ახალი ინიციატივის შესაბამისად, სახელმწიფო იღებს უპრეცენდენტო ვალდებულებას, რომ ყოველწლიურად მთლიანი შიდა პროდუქტის 6% განათლების სფეროზე დაიხარჯოს.
მთავრობის მხრიდან მიღებულ ასეთ გადაწყვეტილებას ისრაელის ელჩმა ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ რეფორმების განხორციელების პროცესში ის სამინისტროს აქტიური მხარდამჭერი იქნება.
გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმებზე, გაცვლით პროგრამებზე, ქვეყნებს შორის კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამების გაძლიერებაზე და იმ პროექტებზე იმსჯელეს, რაც ორ ქვეყანის ურთიერთთანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს.
შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროსთვის უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს:
„მოხარული ვარ, რომ განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დიდ ინტერესს იმსახურებს. ჩვენს მიერ დაგეგმილ სიახლეებს უცხოელ პარტნიორებს მუდმივ რეჟიმში ვაცნობთ, რადგან მათი მხარდაჭერა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
