მართლმადიდებელი სამყარო დღეს მარიამ მაგდალინელს იხსენიებს
მართლმადიდებელი სამყარო დღეს მარიამ მაგდალინელს იხსენიებს
10:01 04.08.2012
მართლმადიდებლური სამყარო დღეს წმინდა მოციქულთასწორი მენელსაცხებლე მარიამ მაგდალინელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოში განუცხადეს, დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა ქვეყანაში მოქმედ ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ჩატარდება.

წმიდა მოციქულთა სწორი მენელსაცხებლე მარიამ მაგდალინელი გენესარეთის ტბის პირას, კაპერნაუმსა და ტიბერიადას შორის მდებარე პატარა ქალაქ მაგდალაში დაიბადა და აღიზარდა. ის თან ახლდა მაცხოვარს, როცა იგი მოციქულებთან ერთად იუდეისა და გალილეის ქალაქებსა და დაბებში სახარების ქადაგებით მოგზაურობდა.

საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, მშვენიერი და მომხიბლავი მარიამი ყმაწვილქალობაში თავშეუკავებლად ცხოვრობდა.

სახარება გვამცნობს, რომ მომავალ წმიდანში შვიდი ეშმაკი ბუდობდა. მას შემდეგ, რაც იესო ქრისტემ სნეული მარიამი განკურნა, იგი ღვთაებრივი სიყვარულით აენთო და მაცხოვრის ერთგული მოწაფე და მიმდევარი გახდა.

მარიამ მაგდალინელი ღვთისმშობელთან და მოციქულ იოანესთან ერთად მოძღვრის გვერდით იდგა მაშინაც, როცა მას - ჯვარცმულსა და დამცირებულს - ყველა მოწაფე შემოეფანტა. ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ როგორ გამოირჩეოდა იგი მაცხოვრის თანმხლებ დედებს შორის.

სიყვარულითა და მადლიერებით აღვსილი მარიამი სხვა დედებთან ერთად, სურნელოვანი ნელსაცხებლებით ხელში გაეშურა მოძღვრის წმიდა ცხედრისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად. ჯერ კიდევ „ვიდრე ბნელღა იყო“, მიეახლა აკლდამას და ჰპოვა „ლოდი იგი გარდაგორვებული საფლავისა მისგან“.

გაოცებული და შეშინებული მარიამი, იესოს ორ უახლოეს მოწაფე სიმონ-პეტრესა და იოანესკენ გაიქცა და მაცხოვრის ცხედრის გაუჩინარება ამცნო. მარიამმა აცრემლებულმა კიდევ ერთხელ შეიხედა გამოქვაბულში, სურდა დარწმუნებულიყო, რომ ის ნამდვილად ცარიელი იყო.

მაშინ უფალმა სულიერი თვალები აუხილა ნეტარს. მან „იხილა ორნი ანგელოზნი, სპეტაკითა მოსილნი, მსხდომარენი ერთი თავით და ერთი ფერჴით, სადა-იგი იდვა გუამი უფლისა იესუჲსი“.

მარიამ მაგდალინელი რომში ჩავიდა. მან სახარების ქადაგებით მთელი იტალია მოიარა. წმიდა მარია ეფესოში გარდაიცვალა. ის იქვე დაკრძალეს.

მისი უხრწნელი ნაწილები IX საუკუნეში ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და წმიდა ლაზარეს სახელობის მონასტრის საყდარში დააბრძანეს.

ჯვაროსნული ლაშქრობების დროს აღნიშნული სიწმიდე იტალიაში გადაიტანეს და რომში, იოანე ლატერანის ტაძრის საკურთხევლის ქვეშ დაკრძალეს. ნაწილი ნეტარი დედის წმიდა ნაწილებისა საფრანგეთში, მარსელის მახლობლად, მისი სახელობის ტაძარშია დასვენებული.


ბეჭდვა