რადიო „ჰერეთის“ ხელმძღვანელობა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არაობიექტურობაში ადანაშაულებს
რადიო „ჰერეთის“ ხელმძღვანელობა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არაობიექტურობაში ადანაშაულებს
18:35 03.08.2012
რადიო „ჰერეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი რამაზ სამხარაძე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არაობიექტური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს.

როგორც სამხარძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რადიო „ჰერეთი“ თბილისის ბაზარზე შემოსასვლელად 6 წელია ლიცენზიის მოპოვებას ცდილობს. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიამ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არაერთხელ მიმართა, თუმცა, 2011 წლის 30 სექტემბერს კომუნიკაციების კომისიამ „ჰერეთის“ მოთხოვნა არ დააკამყოფილა და გამარჯვებულად სხვა რადიოკომპანია გამოაცხადა.

„კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტენდენციური გადაწყვეტილება მიიღო, რადაგან გამარჯვებულად არა „ჰერეთი“, არამედ შპს „მედია ჰაუს დეკომი“ გამოაცხადა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლოში დღემდე ვაპროტესტებთ“ -განაცხადა რამაზ სამხარაძემ და დასძინა, რომ სასამართლო განხილვა 7 თვეა გრძელდება.

მისი თქმით, მთელი ამ ხნის განმავლობაში, სასამართლოს მიერ მესამე მხარედ დასახელებულმა „მედია ჰაუს დეკომმა“ სარეგისტრაციო მონაცემები ვერ წარადგინა. შესაბამისად, გაურკვეველია არის თუ არა აღნიშნული კომპანია ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული.
„მაუწყებლობის კანონის 37-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება ლიცენზიას ფლობდეს ისეთი კომპანია, რომელიც პირდაპირ ან ირიბად არის კავშირში ოფშორთან“- აღნიშნა სამხარაძემ და დასძინა, რომ „მედია ჰაუს დეკომის“, იგივე „რადიო ცხელი შოკოლადის“ 50%-იანი წილის მფლობელი უცხოური მხარეა, თუმცა, კომუნიკაციების კომისია არ დაინტერესებულა იმით, იყო თუ არა აღნიშნული კომპანია ოფშორში რეგისტრირებული.

მისივე თქმით, „ჰერეთმა“ გერმანიიდან საბუთები გამოითხოვა, რომლის მიხედვით ვერ დადგინდა „მედია ჰაუს დეკომის“ რეგისტრირების ადგილი.

კომპანია „ვიდოფონი“ კი, რომლის სახელითაც სასამართლო წერილებს დღემდე იღებს, სამხარაძის თქმით, საერთოდ არ არსებობს და მას სინამდვილეში „დეკომი“ ჰქვია. მისივე თქმით, საჯარო რეესტრშიც დაფიქსირებული არა „დეკომი“, არამედ „ვიდოფონია“.

როგორც მან აღნიშნა, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან „მედია ჰაუს დეკომს“ ისეთი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია, როგორებიცაა წესდება, სარეგიტრაციო მონაცემები, მფლობელების შესახებ ინფორმაცია და ა.შ.

სამხარაძის მტკიცებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს, რომ 30 სექტემბერს თბილისში რადიომაუწყებლობის მოპოვების ბოლო ლიცენზია გასცა, სინამდვილეში კი არსებობს კიდევ 4 თავისუფალი რადიოსიხშირული სპექტრი, რომელთაც კომისია შეგნებულად არ გასცემს.

ბეჭდვა