საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში პროექტ „BE MUSEUMER“
- ის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ლევან ხარატიშვილი, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) საქართველოს ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტი, ინგა ქარაია, NEMO - ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელის გენერალური მდივანი, ჯულია პაგელი, ნიდერლანდების კულტურის მენეჯმენტის აკადემიის წარმომადგენელი, ბიორნ სტენვერსი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თეონა ბერიძე, შემოქმედებითი საქართველოს დირექტორი, ანა რიაბოშენკო და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი, გიორგი გუგუშვილი უძღვებოდნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, პრეზენტაციაზე საუბარი პროექტს, მის ეტაპებსა და მნიშვნელობას, ასევე დასკვნით შედეგებს - სამუზეუმო სწავლების ცენტრს შეეხო, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ბაზაზე დაფუძნდება.
BE MUSEUMER ევროკავშირის პროგრამის შემოქმედებითი ევროპის კონკურსში გამარჯვებულ სამწლიან (2018-2021) პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია, სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სამუზეუმო სფეროს განვითარების ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის მუზეუმების თანამშრომლებისთვის შემუშავდა საერთაშორისო ტრენინგ-პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მათ განათლებას და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას 21-ე საუკუნის სამუზეუმო გამოწვევების საპასუხოდ.
BE MUSEUMER შემოქმედებითი ევროპის კონკურსში გამარჯვებულ პირველ პროექტს წარმოადგენს, რომლის ლიდერია ქართული ორგანიზაცია - საქართველოს მუზეუმების ასოციაცია ICOM საქართველოსთან თანამშრომლობით, ხოლო პარტნიორებს წარმოადგენენ ევროპული ორგანიზაციები: NEMO - ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელი (გერმანია), ნიდერლანდების კულტურის მენეჯმენტის აკადემია.
პროექტის ფარგლებში, ევროპელ ექსპერტთა ხელმძღვანელობით, ჩატარდება ტრენინგები/სემინარები/ვებინარები სამუზეუმო სფეროს საკვანძო საკითხებზე (კერძოდ, მუზეუმის მისია/ფასეულობების განსაზღვრა, სამუზეუმო განათლების, მუზეუმის სოციალური და ეკონომიკური როლის საკითხები, მუზეუმი და ციფრული ტექნოლოგიები, სამუზეუმო მარკეტინგი, ფანდრეიზინგი, აუდიტორიის განვითარება, სამუზეუმო სერვისები, მასპინძლობა, ლიდერობა, სხვა.), მოეწყობა სასწავლო ვიზიტები სამხრეთ კავკასიის მუზეუმებში, აგრეთვე ევროპის - ამსტერდამისა და ბერლინის მუზეუმებში, ჩატარდება საერთაშორისო ფორუმები და სიმპოზიუმი ევროპელ და ქართველ ექსპერტთა მონაწილეობით. პროექტის ფარგლებში, ასევე განხორციელდება სამხრეთ კავკასიის სამუზეუმო სივრცის კვლევა-ანალიზი ევროპელ ექსპერტთა რეკომენდაციების საფუძველზე; შედეგები ელექტრონული სახით განთავსდება პროექტის ვებ-გვერდზე. გარდა ამისა, ევროპელ ექსპერტთა მიერ, ტრენინგ-პროგრამის ფარგლებში, შემუშავდება და გამოიცემა სასწავლო-მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოები, მონაწილეთა მიერ მომზადდება მცირე საპროექტო წინადადებები, ჩატარდება მცირეგრანტიანი პროექტების კონკურსი და სხვა.
პროექტის ფარგლებში, პირველი ტრენინგი 2019 წლის 27 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით, სამუზეუმო განათლების თანამედროვე ტენდენციების, სწავლების მეთოდების, სამუზეუმო განათლების პოლიტიკის შემუშავების, მუზეუმის პედაგოგის როლისა და მნიშვნელობის საკითხებზე ჩატარდება. ტრენინგს ექსპერტი, ემილია-რომანიას რეგიონის (იტალია) კულტურული მემკვიდრეობის ინსტიტუტის სამუზეუმო პროექტების მენეჯერი, NEMO-ს აღმ. საბჭოს წევრი, ევროპის სამუზეუმო აკადემიის ექსპერტი და ICOM/ICTOP-ის წევრი, მარგერიტა სანი ჩაატარებს.
ტრენინგში მონაწილეობას მიიღებს კონკურსის შედეგად შერჩეული 20 მონაწილე საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის მუზეუმებიდან.
