მიხეილ ბატიაშვილი: საგანმანათლებლო გამოფენები უნიკალური შესაძლებლობაა აბიტურიენტებისთვის, გაეცნონ უნივერსიტეტების პროგრამებს და მეტი ინფორმაცია მიიღონ
მიხეილ ბატიაშვილი: საგანმანათლებლო გამოფენები უნიკალური შესაძლებლობაა აბიტურიენტებისთვის, გაეცნონ უნივერსიტეტების პროგრამებს და მეტი ინფორმაცია მიიღონ
15:35 23.02.2019
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-9 საერთაშორისო გამოფენას ეწვია და სხვადასხვა სასწავლებლების სიახლეებსა და შეთავაზებულ პროგრამებს გაეცნო.

„საგანმანათლებლო გამოფენები, მართლაც უნიკალური შესაძლებლობაა აბიტურიენტებითვის, გაეცნონ უნივერსეტეტების პროგრამებს და მიიღონ მეტი ინფორმაცია, რომელიც მათ მომავალი პროფესიის არჩევაში მნიშვნელოვნად დაეხმარება. ასევე საუკეთესო შესაძლებლობაა, როგორც უნივერსიტეტებისთვის, ასევე პროფესიული სასწავლებლებისთვის საუკეთესოდ წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები“ - განაცხადა მინისტრმა.

განათლების საერთაშორისო გამოფენა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და გამოფენების ცენტრის ექსპოჯორჯიას ორგანიზებით იმართება და მასში 12 ქვეყნის 100-მდე მონაწილე, მათ შორის: საქართველოდან, ლიეტუვადან, იტალიიდან, ესტონეთიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, უკრაინაიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდანაა წარმოდგენილი.

სამინისტროს ცნობით, გამოფენაზე მისულ დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ შეხვდნენ უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების წამომადგენლებს, ერთ სივრცეში ნახონ, შეაფასონ და აირჩიონ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა და დაფინანსების შესაძლებლობების თუ გაცვლითი პროგრამების შესახებ უფრო მეტი გაიგონ.

ბეჭდვა