ქართველი ემიგრანტები მთავრობისთვის 50 ათასი სატელიტური ანტენის საჩუქრად გადაცემას გეგმავენ
ქართველი ემიგრანტები მთავრობისთვის 50 ათასი სატელიტური ანტენის საჩუქრად გადაცემას გეგმავენ
15:32 03.08.2012
ქართველი ემიგრანტები გეგმავენ მოსახლეობისთვის დასარიგებლად მთავრობას 50 ათასი ცალი სატელიტური თეფში საჩუქრად გადასცენ.   ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ორგანიზაცია „ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსთვის“ ხელმძღვანელმა ნანა ელიოტმა განუცხადა.

მისი თქმით, ორგანიზაციაში 16 ქვეყნის დიასპორაა გაერთიანებული, მათი სახელით დღეს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წერილი შევიდა.

„ჩვენ საქართველოს პრეზიდენტს ვთავაზობთ, რომ დიასპორის სახელით გადავცემთ 50 ათას სატელიტურ ანტენას, რომელსაც მთავრობა საკუთარი სახელით რეგიონების მოსახლეობას დაურიგებს“ - აღნიშნა ელიოტმა.

მისივე თქმით, ქართველი ემიგრანტების მიზანია საქართველოს მთავრობისთვის ამ დახმარების აღმოჩენით, რეგიონის მოსახლეობას ინფორმაციული ვაკუუმიდან გამოსვლის საშუალება მიეცეს.

„ველოდებით პასუხს და თუ მათთვის მოსახერხებელი იქნება, შეგვიძლია სატელიტური ანტენები ან შესაბამის თანხა მივაწოდოთ“ - განაცხადა ნანა ელიოტმა.

ამასთან, ქართველი ემიგრანტი აღნიშნავს, რომ ქართული დიასპორა საარჩევნო პროცესებეში აქტიურადაა ჩართული და სურთ, რომ თავიანთი წვლილი დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში შეიტანონ.

ბეჭდვა