პუშკინის ქუჩაზე თბილისის ახლადაღმოჩენილ გალავანს ამ ეტაპზე პრეპარაცია უტარდება.
როგორც „ნიუსპრესს“ არქიტექტორმა გიორგი გიორგაძემ განუცხადა, გალავნის გასუფთავების შემდეგ, ტურისტული მარშრუტისთვის გასასვლელები გაკეთდება. მარშრუტი მიწის ქვეშაც გაივლის. ახლადაღმოჩენილი გალავანი თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ქუჩამდე გრძელდება.
არქეოლოგის განცხადებით, თბილისის გალავანი XII-XVII საუკუნით თარიღდება.
„სხვადასხვა პერიოდში გალავანი ზიანდებოდა, ამიტომ მისი აღდგენა ხდებოდა. აღმოჩენილია ქვიშაქვით აშენებული კედელი, რომელიც მე-12 საუკუნისაა. კედელი დაინგრა და რიყის ქვებით აღადგინეს, შემდეგ ისევ ინგრევა და ქვიშაქვა და აგური ჩნდება“ - აღნიშნა გიორგი გიორგაძემ.
მისი თქმით, კედლების მიხედვით დგინდება, თუ რა პერიოდისაა გალავანი, რადგან მასზე დაზიანება-აღდგენა თვალნათლივ ჩანს.
„გალავანი ქალაქისთვის თავდაცვითი ზღუდე იყო. კედელს მიწისძვრის, ომის შედეგები და ყოველგვარი დაზიანება ეტყობა. ასევე, აღმოჩენილია, მოჭიქული მასალები, რომელიც მე-12 საუკუნისაა“ - აღნიშნა არქეოლოგმა.
რაც შეეხება გალავანში აღმოჩენილ ქვას, რომელზეც არაბული წარწერაა, არქეოლოგის განმარტებით, ის მეორადი გამოყენებისაა, რადგან მხოლოდ სამშენებლო მასალად გამოიყენეს.
თბილისში, პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების დროს, დედაქალაქის ძველი გალავნის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ასევე, ამავე ადგილას ნაპოვნია თიხის ჭურჭელი და ბირთვის ქვა, რომელსაც საომარი მოქმედებების დროს იყენებენ.
თბილისის ახლადაღმოჩენილი გალავანი დღეს დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და განაცხადა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე გალავანი მაქსიმალურად გამოჩნდება და ტურისტული მარშრუტი გაკეთდება.
