თურქეთში გემზე მიტოვებული ქართველი მეზღვაურები უკვე საქართველოში არიან
თურქეთში გემზე მიტოვებული ქართველი მეზღვაურები უკვე საქართველოში არიან
14:42 03.08.2012
სტამბულთან ახლოს, ზეიპორტში გემზე მიტოვებულმა ქართველმა მეზღვაურებმა სარფის საბაჟო რამდენიმე წუთის წინ გადმოკვეთეს.

როგორც „ნიუსპრესს“ ერთ-ერთმა მათგანმა მამუკა ქოჩალიძემ განუცხადა, მეზღვაურებმა გემი კუთვნილი სახელფასო დავალიანების აღების შემდეგ დატოვეს და გუშინ სტამბულიდან საქართველოში გამოემგზავრენ.

მისი ინფორმაციით, სახელფასო დავალიანება გემის მფლობელმა კომპანიამ ეკიპაჟის 10 წევრიდან მხოლოდ ექვს ქართველ მეზღვაურს აუნაზღაურა, დანარჩენ ოთხს, საიდანაც ორი აზერბაიჯანის და ორი თურქეთის მოქალაქეა, კომპანიას ამ დრომდე კუთვნილი გასამრჯელო არ მიუცია.

„საქართველოს საელჩოს გარდა, დანარჩენი მეზღვაურების ბედით არავინ დაინტერესებულა. წამოსვლის წინ შევეხმიანეთ და გვითხრეს, რომ კომპანიის წარმომადგენლების მისვლას ამ დროდე უშედეგოდ ელიან“ - აღნიშნა ქოჩალიძემ.

სტამბულთან ახლოს, ზეიპორტში, ბერძნულ-ამერიკულ ფირმა „მეტმარის“ კუთვნილ ტანკერზე, რომელიც თურქებს იჯარით ჰქონდათ აღებული, ეკიპაჟის 10 წევრი სამი თვე მიტოვებული იყო, მათ შორის 6 ქართველი მეზღვაური - ზვიად ბრუნჯაძე, რამინ გორგოშაძე, თემურ გოგროჭაძე, ჯემალ მგელაძე, მამუკა ქოჩალიძე და ვეფხია ცინცაძე.

ბეჭდვა