გიგი უგულავამ თბილისის გალავნის ახლადაღმოჩენილი ნაწილი დაათვალიერა
გიგი უგულავამ თბილისის გალავნის ახლადაღმოჩენილი ნაწილი დაათვალიერა
13:56 03.08.2012
თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს, პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები და თბილისის გალავანის ახლადაღმოჩენილი ნაწილი დაათვალიერა.

როგორც უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის დაღმართამდე თბილისის ის ნაწილი, რომელსაც რეაბილიტაცია უტარდება, დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილია.

მისი თქმით, პუშკინის ქუჩის შენობების ნაწილი, თბილისის გალავანზე დგას, რომელიც ისტორიულად ნარიყალადან იწყებოდა, სოლოლაკის ქედზე დადიანის ქუჩით ჩამოდიოდა და პუშკინის ქუჩით სანაპიროს უკავშირდებოდა.

„იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ადგილზე ამ გალავნის გამოჩენა და საზოგადოებისთვის ჩვენება ვერ მოხდებოდა, სადაც მისი ჩვენება შეიძლება გადავწყვიტეთ, ორდონიანი საფეხური გაკეთდეს. დამთვალიერებელი ზემოდანაც ივლის და მიწისქვეშა სივრცეში ისტორიული გალავნის დასათვალიერებლად ჩასასვლელიც გაკეთდება“ - განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, გალავანი მაქსიმალურად გამოჩნდება. ასევე, შექმნება ტურისტული მარშრუტი, რომლის საშუალებითაც ტურისტს მთელი თბილისის დათვალიერება შეეძლება.

„ეს ადგილი უნიკალურია, რადგან ის თბილისის ევროპული და უფრო ადრინდელი არქიტექტურის ნაზავია - ევროპული არქიტექტურით იწყება და ძველი თბილისის არქიტექტურით მთავრდება“ - აღნიშნა უგულავამ.

მისი თქმით, აღნიშნული სამუშაოების გამო, დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, ავტოტრანსპორტისთვის პუშკინის დაღმართი ჩაიკეტება.

„თბილისელებს ამის გამო ბოდიში მინდა მოვუხადო, მაგრამ ის ყველაფერი, რასაც მივიღებთ, დისკომფორტად ღირს. რაც შეეხება მთლიანად ამ ნაწილის რესტავრაციას, ის ოქტომბერ-ნოემბერში დასრულდება, ხოლო სხვა ადგილების რეაბილიტაციის დამთავრება წლის ბოლოს ან იქითა წლის დასაწყისში იგეგმება“ - აღნიშნა უგულავამ.

მისივე განცხადებით, დიუმასა და კოტე აფხაზის ქუჩაზე გასასვლელი საფეხმავლო ღერძიც გაკეთდება, რომელიც თავშეყრის ერთ-ერთი ადგილი გახდება.

თბილისში, პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების დროს, დედაქალაქის ძველი გალავნის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. გალავანი მე-12-მე-18 საუკუნეებს ეკუთვნის.

ასევე, ამავე ადგილას ნაპოვნია თიხის ჭურჭელი და ბირთვის ქვა, რომელსაც საომარი მოქმედებების დროს იყენებენ.

ბეჭდვა