სახელმწიფოს მხრიდან სურსათის უვნებლობაზე ზედამხედველობის არარსებობა მომხმარებლის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სერიოზულ რისკს უქმნის.
ამის შესახებ ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში - „კონკურენციის პოლიტიკა საქართველოში“, რომლის პრეზენტაციაც დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა.
„საქართველო მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული სურსათის იმპორტზე, ამიტომ, 2010 წლის მეორე ნახევრიდან საერთაშორისო ბაზარზე კვების პროდუქტების ფასების ზრდამ საქართველოზეც მოახდინა გავლენა“ - აღნიშნულია დოკუმენტში.
კვლევაში ყურადღება გამახვილებულია რძისა და ხორცის პროდუქტებზე და ნათქვამია, რომ რძის პროდუქტების ბაზარზე არსებულ პრობლემებს შორის ყველაზე მწვავედ დგას პროდუქციის ფალსიფიკაციის საკითხი და ეტიკეტის წესების დარღვევა, ხოლო ხორცპროდუქტების ბაზარზე ძირითად პრობლემას პროდუქციის უვნებლობა, საკვები დანამატების გამოყენება და მათზე კონტროლის სისტემის არარსებობა წარმოადგენს.
ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ ქართულ ბაზარზე ბოლო პერიოდში რძის პროდუქტებსა და ხორცპოდუქტების ფასების ზრდის მკვეთრად გამოხატული დინამიკა შეინიშნება.
„სურსათის ბაზარზე არსებული კონკურენციის დინამიკაზე გავლენას ახდენს ინსტიტუციური ფაქტორები. 2004 წელს სურსათის უვნებლობის სფეროში დაწყებული რეფორმა 2006 წელს შეჩერდა, რის შემდეგაც აღარ არსებობს სტაბილური სახელმწიფო ზედამხედველობა სურსათის უვნებლობაზე, ეს კი - მომხმარებლის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის“- ნათქვამია კვლევაში.
ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ აღნიშნავენ, რომ ზემოაღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად კანონმდებლობის დახვეწა აუცილებელია.
