ბექაურის თქმით, „მე-9 არხს“ რეგიონების საკაბელოებთან კონტაქტის დამყარება უჭირს
ბექაურის თქმით, „მე-9 არხს“ რეგიონების საკაბელოებთან კონტაქტის დამყარება უჭირს
11:47 03.08.2012
ტელეკომპანია „მე-9 არხის“ გენერალური დირექტორის კახა ბექაურის თქმით, ტელეკომპანიის სიგნალის ტრანზიტი   „მაგთისატმა“ და „კავკასუს ონლაინმა“ უკვე დაიწყეს.

როგორც ბექაურმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, საკუთარ პაკეტში ჩასმასთან დაკავშირებით შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია „სილქნეტთან“. აღნიშნული ოპერატორის მიერ სიგნალის ტრანზიტს „მე-9 არხი“ დღის ბოლომდე ელოდება.

მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პაკეტში ჩასმაზე ტელეკომპანიას თანხმობა „აიეტმაც“ განუცხადა.

„თბილისში კიდევ რამდენიმე საკაბელოა, რომელთაგან უარი არ მოგვსვლია, მათთან კონტაქტზე ვართ და ალბათ, დღის ბოლომდე ჩაგვრთავენ“ - აღნიშნა ბექაურმა.

მისივე თქმით, „მე-9 არხისთვის“ მთავარი პრობლემა რეგიონული საკაბელოებია, რადგან მათი მისამართების დადგენა ვერ ხერხდება.

„რეგიონალური ოპერატორები კონტაქტზე არ არიან და მათთან კავშირის დამყარება ჭირს“ - განაცხადა ბექაურმა.

მისი ინფორმაციით, „მე-9 არხის“ სიგნალის ტრანზიტი კახეთის საკაბელო ოპერატორმა „გორდამ“ და რუსთავში მოქმედმა საკაბელომაც დაიწყეს.

საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილების მიხედვით, ე.წ. Must Carry-ის პრინციპი ამოქმედდა, რომლის მიხედვით, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს - საკაბელო ოპერატორებს ვალდებულება ეკისრებათ მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პაკეტში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული ყველა საერთო მაუწყებელი განათავსონ. ამ მიზნით ლიცენზირებულმა საერთო მაუწყებლებმა საკაბელოებს წერილობით უნდა მიმართონ და პაკეტში ჩასმა მოითხოვონ. ამის შემდეგ კი, საკაბელო ვალდებულია, ტელეკომპანიის სიგნალი გაავრცელოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ მკაცრი სანქციები ამოქმედდება.



ბეჭდვა