კომუნიკაციების კომისიამ „მასთ ქერისთან“ დაკავშირებით ცხელი ხაზი აამოქმედა
კომუნიკაციების კომისიამ „მასთ ქერისთან“ დაკავშირებით ცხელი ხაზი აამოქმედა
11:00 03.08.2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო კოდექსით საკაბელო ოპერატორებისთვის  დადგენილი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად კომისია პროცედურულ დაბრკოლებებს ხელოვნურად ქმნის.

ამის შესახებ კომისიის გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

კომისია განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა საქართველოს საარჩევნო კოდექსით
გათვალისწინებული რეგულაციები, რომელიც ავალდებულებს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს - საკაბელო ოპერატორებს, წინასაარჩევნო პერიოდში განახორციელონ საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე მაუწყებლების ტრანზიტი.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, საკაბელო ოპერატორებმა სატელიტური მაუწყებლების სიგნალის ტრანზიტი უკვე დაიწყეს, მათ შორის, კახეთის საკაბელო ოპერატორმა „გორდამ“ და რუსთავში მოქმედმა საკაბელო ოპერატორმა, ამასთან, „კავკასუს ონლაინმა“ და „მაგთიკომმა“ საკუთარ სამაუწყებლო პაკეტში „მაესტროს“ და „მეცხრე არხის“ სატელევიზიო სიგნალის ტრანზიტი უკვე განახორციელეს, ხოლო „სილქნეტსა“ და „მეცხრე არხს“ შორის ტექნიკური პარამეტრების შეთანხმების პროცესი მიმდინარეობს.

კომისია განმარტავს, რომ საკაბელო ოპერატორები, ვალდებულნი არიან განათავსონ საკუთარ სამომხმარებლო პაკეტში და მიაწოდონ საკუთარ აბონენტებს საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი კომპანიების სიგნალი.

„იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებელი მიიტანს საკუთარ სიგნალს საკაბელო ოპერატორის ქსელში ჩართვისთვის, ხოლო ის არ განათავსებს არხს თავის სამომხმარებლო პაკეტში, მაუწყებელი უფლებამოსილია მიმართოს კომისიას, ხოლო კომისია ვალდებულია 48 საათის განმავლობაში განიხილოს საკითხი და დამრღვევი საკაბელო ოპერატორის მიმართ გაატაროს კანონით გათვალისწინებული ზომები“-ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ეს ზომები, პირველ ეტაპზე, დამრღვევის გაფრთხილება, ხოლო დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ავტორიზაციის ერთი წლის ვადით შეჩერებაა.

კომისია ასევე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებლის მხრიდან საკაბელო ოპერატორი არ მიიღებს ტექნიკურ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია მაუწყებლის ქსელში განსათავსებელად და მაუწყებელი არ უზრუნველყოფს საკუთარი სიგნალის საკაბელო ოპერატორამდე მიტანას, საკაბელო ოპერატორისთვის ტექნიკურად შეუძლებელი იქნება სამაუწყებლო არხის საკუთარ სამომხმარებლო პაკეტში განთავსება.

საკაბელო ოპერატორებსა და საერთო მაუწყებლებს შორის კომუნიკაციების ხელშეწყობისა და სადავო საკითხზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეიდან დამატებით ამოქმედდება სპეციალური ცხელი ხაზი - 0800 900 907 და 0800 900 908.


ბეჭდვა