თბილისში, პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების დროს, დედაქალაქის ძველი გალავნის ფრაგმენტები აღმოაჩინეს.
როგორც არქეოლოგები აცხადებენ, გალავანი მე-12-მე-18 საუკუნეებს ეკუთვნის.
ასევე, ამავე ადგილას ნაპოვნია თიხის ჭურჭელი და ბირთვის ქვა, რომელსაც საომარ პერიოდში იყენებენ.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თბილისის გალავანი მე-19 საუკუნის დასაწყისში, რუსეთის იმპერიის საქართველოში შემოსვლის შემდეგ განადგურდა.
ამჟამად ძეგლის კონსერვაცია მიმდინარეობს.
აღმოჩენასთან დაკავშირებით თბილისის მერიას გეგმები აქვს. ის აღნიშნული ადგილის ტურისტული მნიშვნელობის ცენტრად გადაქცევას გეგმავს.
მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოების გამო, პუშკინის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა, დაახლოებით, ორი კვირის განმავლობაში შეიზღუდება.
