სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო შუკვანის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს
სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო შუკვანის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს
17:24 02.08.2012
საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების" და ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანის მიერ დღეს წამოყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა.

უწყების პრესსმსახურის ინფორმაციით, სამინისტროს დელეგაციის წევრები ლონდონის ოლიმპიადაზე საპატიო სტუმრების სტატუსით იმყოფებიან და მსაჯების გადაწყვეტილების გაპროტესტების არანაირი უფლება არ აქვთ.

„სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო წუხს ლონდონის ოლიმპიადაზე ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანის წარუმატებელი გამოსვლის გამო და აცხადებს, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად შეუწყო ხელი ოლიმპიადაში მონაწილე ყველა სპორტსმენს წარმატებული ასპარეზობისთვის“-ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს სპორტსმენებს, გამიჯნონ სპორტი და აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა და საკუთარ სპორტულ წარმატებებს თუ წარუმატებლობას „იაფფასიანი პოლიტიკური ქულების დასაგროვებლად“ ნუ გამოიყენებენ.

ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი, რომელიც ლონდონის ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით გამოდიოდა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრს ლადო ვარძელაშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ მან დღეს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შუკვანის თქმით, მან შეჯიბრი არასამართლიანი მიდგომის გამო წააგო. კონკრეტულად, სპორტსმენი აცხადებს, რომ ფრანგ მეტოქესთან ასპარეზობისას მას თითიდან სისხლი წამოუვიდა, რომლის დროსაც მსაჯი ვალდებული იყო შეხვედრა შეეჩერებინა და სპორტსმენისთვის ტრავმის დასამუშავებლად დრო მიეცა, რაც არ მოხდა. მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა შუკვანის თხოვნა მსაჯების გადაწყვეტილების გაპროტესტებასთან დაკავშირებით უპასუხოდ დატოვა. ამასთან, შუკვანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიმართ სიმპათიების გამო მას მინისტრი და მისი მეგობარი, გია უდესიანი ავიწროებდნენ.

„სასტუმროში ვიყავი, როდესაც მითხრეს რომ გარეთ უდესიანი არაფხიზელ მდგომარეობაში 10 კაცთან ერთად მელოდებოდა. დაპირისპირებისთვის რომ თავი ამერიდებინა, ფანჯრიდან გადმოვიპარე და ახლობლების დახმარებით საქართველოში გამოვემგზავრე“ - განაცხადა ძიუდოისტმა.

ბეჭდვა