თურქეთში საქართველოს ელჩმა “საქარიას ქართველთა კულტურის ასოციაციას” ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები გადასცა
თურქეთში საქართველოს ელჩმა “საქარიას ქართველთა კულტურის ასოციაციას” ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები გადასცა
18:29 11.02.2019
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ჯანჯღავა და სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული ინგა კიკვაძე ქალაქ საქარიას ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში ქართველმა დიპლომატებმა “საქარიას ქართველთა კულტურის ასოციაციას” ქართული ენის შემსწავლელი კურსისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელოები გადასცეს.

სახელმძღვანელოების გადაცემის შემდეგ, ქართველი დიპლომატები გაესაუბრნენ ქართულ-ლაზური ენების შემსწავლელი კურსის პედაგოგებსა და მოსწავლეებს. ამასთან, გაიმართა შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან გაფართოებულ ფორმატში.

ღონისძიებაზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა. გიორგი ჯანჯღავამ ხაზი გაუსვა საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობაში დიასპორის საკითხების პრიორიტეტულობას და ისაუბრა იმ ინიციატივებზე, რაც უწყებას გააჩნია საზღვარგარეთ ქართული დიასპორის და სამშობლოსთან მათი კავშირის გასაძლიერებლად.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებაში აქტიურად მიმდინარეობს „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“განხორციელება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით მომზადდა საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის ქართული ენის სწავლების ინტეგრირებული პროგრამა და სახელმძღვანელო, რომელიც საკვირაო სკოლებს სახელმწიფოსგან საჩუქრად გადაეცემათ.



ბეჭდვა