2019-2020 წლებში მანდატური დამატებით 260 საჯარო სკოლაში შევა
2019-2020 წლებში მანდატური დამატებით 260 საჯარო სკოლაში შევა
14:45 06.02.2019
2019-2020 წლებში მანდატური წარმოდგენილი იქნება დამატებით 260 საჯარო სკოლაში. 8 არსებულ ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს 2019 წელს სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში ორი ახალი დაემატება. გარდა ამისა, შეიქმნება მანდატურის სამსახურის 8 რეგიონული ცენტრი, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმის ფარგლებში გამართული შემაჯამებელი პრეზენტაციის წარდგენისას განაცხადა.

„ნებისმიერ რეფორმაზე საუბარი ზედმეტია, თუ მშობელმა არ იგრძნო რომ სკოლაში მისი შვილის უსაფრთხოება დაცულია. უსაფრთხოების მიმართულებით ბოლო თვეებში პოზიტიური ტენდენცია გვაქვს მაგრამ, კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. შედეგები გვაფიქრებინებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ თუმცა მნიშვნელოვანი ამოცანები დავისახეთ, რაც კიდევ უფრო მეტ შედეგს მოგვიტანს“ – განაცხადა მინისტრმა, რომელმაც თანამშრომლობისთვის მადლობა შსს-ს და აშშ-ს სკოლის მანდატურთა ეროვნულ ასოციაციას (NASRO) გადაუხადა, რომელებიც აქტიურადა არიან ჩართულნი ტრენინგებში და ქართველი მანდატურების გადამზადება ამერიკული სტანდარტებით ხდება.

მინისტრის თქმით, უსაფრთხო, ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შესაქმნელად მანდატურის სამსახური სამ მნიშვნელოვან რგოლს გააერთიანებს: მანდატურს, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებსა და კრიზისული ინტერვენციის ჯგუფს, რომელიც კრიზისულ სიტუაციებზე დროული და ეფექტური რეაგირების მიზნით შეიქმნა.

ბეჭდვა