სტამბულთან ახლოს, ზეიპორტში გემზე მიტოვებული ქართველი მეზღვაურები სამშობლოში ხვალ დაბრუნდებიან.
როგორც „ნიუსპრესს“ ერთ-ერთმა მათგანმა მამუკა ქოჩალიძემ განუცხადა, სტამბულიდან საქართველოში ავტობუსით დღეს გამოემგზავრებიან და ბათუმში ხვალ, 12:00 საათისთვის ჩავლენ.
„გემი გუშინ, მას შემდეგ დავტოვეთ, რაც კომპანიის წარმომადგენლებმა ჩვენი კუთვნილი გასამრჯელო მოგვიტანეს. თუმცა, ყველას თითო თვის ხელფასი დაგვაკლეს, რაზეც დავთანხმდით, რადგან ძალიან დავიღალეთ და სახლში დაბრუნება გვინდა“ - აღნიშნა ქოჩალიძემ.
მისივე ინფორმაციით, სახელფასო დავალიანება ეკიპაჟის 10 წევრიდან მხოლოდ ქართველ მეზღვაურებს აუნაზღაურეს, დანარჩენებს კი - დაპირდნენ, რომ კუთვნილ გასამრჯელოს 4 აგვისტოს მისცემდენენ.
გემზე ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა, საიდანაც 6 საქართველოს მოქალაქეა, ხოლო ორი აზერბაიჯანის და ორიც თურქეთის, თუმცა, საქართველოს საელჩოს გარდა, დანარჩენი მეზღვაურების ბედით არავინ დაინტერესებულა.
სტამბულთან ახლოს, ზეიპორტში, ბერძნულ-ამერიკულ ფირმა „მეტმარის“ კუთვნილ ტანკერზე, რომელიც თურქებს იჯარით ჰქონდათ აღებული, ეკიპაჟის 10 წევრი სამი თვე მიტოვებული იყო, მათ შორის 6 ქართველი მეზღვაური - ზვიად ბრუნჯაძე, რამინ გორგოშაძე, თემურ გოგროჭაძე, ჯემალ მგელაძე, მამუკა ქოჩალიძე და ვეფხია ცინცაძე.
