საქართველოში დღეს უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღე აღინიშნება
საქართველოში დღეს უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღე  აღინიშნება
18:49 04.02.2019
საერთაშორისო საზოგადოება დღეს  „უსაფრთხო ინტერნეტის დღეს“ აღნიშნავს (Safer Internet Day - SID), რასაც საქართველო წელს პირველად უერთდება. ამ დღესთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ISOC-საქართველოს თანაორგანიზებით სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით ღონისძიებებია დაგეგმილი.

კერძოდ: 10.00 საათზე, სასტუმრო „რუმსი თბილისი“-ში გაიმართება ღონისძიება, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“, ISOC-საქართველოს და სხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ასევე თემატური პრეზენტაციები გაკეთდება.

გარდა ამისა, 16:00 საათზე, თბილისის ტექნოპარკში, ამ დღესთან დაკავშირებით ერთდღიანი ტრენინგები გაიმართება: კიბერსუფართხოება - უფროსკლასელებისთვის; კიბერბულინგი - მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის და მანდატურებისთვის. ტექნოტრენინგი ლაივსტრიმის მეშვეობით საქართველoს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინოვაციების ცენტრებსა და ტექნოპარკებში გადაიცემა.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, თბილისის რამდენიმე სკოლაში შესაბამისი თემატური ტრენინგები ჩატარდება, ასევე ტრენინგს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია რუსთავის მიუსაფარ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებისთვის ჩაატარებს. ამასთან, სსიპ „112“-ში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ მოსწავლეებისთვის „ვორქშოპი“ ჩატარდება, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში კი ტრენინგი თემაზე - ,,მოზარდი, ინტერნეტუსაფრთხოება, მშობელი'' გაიმართება.

„უსაფრთხო ინტერნეტის დღე“ 2005 წლიდან ყოველ თებერვალს აღინიშნება. იგი წარმოადგენს გლობალურ მოძრაობას, რომელიც ეძღვნება უსაფრთხო ინტერნეტგარემოს შექმნას, განსაკუთრებით ბავშვებისთვის და ახალგაზრდა თაობისთვის. ღონისძიება ჩვეულებრივ თებერვლის მეორე კვირის მეორე დღეს იმართება.

ბეჭდვა