მართლმადიდებელი სამყარო დღეს წინასწარმეტყველი ელიას ხსენების დღეს აღნიშნავს
მართლმადიდებელი სამყარო დღეს წინასწარმეტყველი ელიას ხსენების დღეს აღნიშნავს
09:21 02.08.2012
მართლმადიდებელი სამყარო დღეს წინასწარმეტყველი ელია თეზბიტელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოში განუცხადეს, დღესასწაულთან დაკავშირებით,  საზეიმო წირვა-ლოცვა ქვეყანაში მოქმედ ყველა მართლმადიდებელ ტაძარში შესრულდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, წირვას 09:00 საათუ სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.

2 აგვისტო ამავდროულად, წმინდა ილია მართლის ხსენებისა და პატრიარქის ანგელოზის დღეცაა.

დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ილია ჭავჭავაძე ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხული, სახელით - წმინდა ილია მართალი. მან სიცოცხლეშივე მოიპოვა ქართველი საზოგადოების საერთო აღიარება. ეკლესიამ ილია მართლის ხსენების დღედ 2 აგვისტო დააწესა.

წინასწარმეტყველი ელია (ილია) თეზბიტელი ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველია ლევიტელთა ტომიდან, რომელიც ქრისტეს შობამდე 900-ზე მეტი წლის წინ ცხოვრობდა. სახელი „თეზბიტელი“ მისი მშობლიური ქალაქის - თეზბას სახელიდან მომდინარეობს. მან სიყმაწვილიდანვე ღმერთს უძღვნა თავი. წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით იქნა აღტაცებული ზეცად. ეკლესიის სწავლებით, იგი მეორედ მოსვლის წინ ანტიქრისტეს სამხილებლად წინასწარმეტყველ ენოქთან ერთად უნდა მოვიდეს და ხორციელი სიკვდილიც დაითმინოს.

ელიაობას განსაკუთრებით დედოფლისწყაროში აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარში აღევლინება, რომელიც VI საუკუნით თარიღდება.


ბეჭდვა