პროფესიული განათლების მიმართულებით პრეზენტაციის წარდგენისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა
ყურადღება გაამახვილა რეგიონებში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობაზე, რაც მისი თქმით, ახალგაზრდებს ადგილზე განათლების მიღების და რეალიზაციის შესაძლებლობას მისცემს.
მინისტრის განცხადებით, სამინისტროს მიზანია პროფესიული განათლება ორიენტირებული იყოს რეგიონულ საჭიროებებზე და სწრაფ დასაქმებაზე. ამ მიზნით, მუნიციპალიტეტებში უკვე არსებობს 11 ახალი ლოკაცია, რომლის განვითარება 2018 წელს დაიწყო და დღემდე უწყვეტად გრძელდება.
„რეგიონებში უნდა გაიზაროს ხელმისაწვდომობა, რომ ახალგაზრდები პროფესიულ განათლებას ადგილზე დაეუფლონ. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ახალი სასწავლებლები, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით დაემატება. მათი ნაწილი გახსნილია, ნაწილში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს “ - განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, კვლევა აჩვენებს, რომ რეგიონებში პროფესიული განათლებისადმი ინტერესი მზარდია.
მინისტრი აღნიშნავს, რომ განათლების სისტემაში პროფესიული განათლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. შესაბამისად, სამინისტროს მიერ დეტალური გეგმა წლების მიხედვითაა გაწერილი, რომელიც მოიცავს თუ რა პროექტები განხორციელდება და რა სერვისებს მიიღებენ ახალგაზრდები ამ მიმართულებით.
