პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების დიპლომს გაუთანაბრდება
პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების დიპლომს გაუთანაბრდება
12:58 04.02.2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა

, მინისტრის მოადგილესთან ირინა აბულაძესთან და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსთან ირინა წეროძესთან ერთად, განათლების რეფორმის ფარგლებში, პროფესიული განათლების მიმართულებით პრეზენტაცია წარადგინა.

 

სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში:

საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდებს (9 კლასი) საშუალება მიეცემათ, პროფესიის შესწავლის პარალელურად, სრული ზოგადი განათლება მიიღონ;

სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს (12 კლასი) შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც შემუშავებულია დამსაქმებლების მონაწილეობით;

პროფესიულ სასწავლებლებში გაძლიერდება სამეწარმეო განათლება და ინოვაციური სწავლება. განვითარდება მაღალტექნოლოგიური ცენტრები (EXCELLENCE CENTERS), რომლებიც ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მომავლის პროფესიების შესწავლას და ტექნიკური, ციფრული, სამეწარმეო და შემოქმედებითი უნარების განვითარებას;

ფორმალური განათლების ფარგლებში, სწრაფი დასაქმებისთვის, მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსებით გათვალისწინებულია ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება, რაც გულისხმობს მოსახლეობის უნარების განახლებას ან ახალი კომპეტენციების შეძენას.

გაუმჯობესდება რეგიონული დაფარვა. ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებითა და საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელის გამოყენებით.

სამწლიანი ფაზა მიზნად ისახავს:

არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმების დანერგვას;

პროფესიული პროგრამების განხორციელებაში დამსაქმებლების ჩართულობის ხელშეწყობას, სამუშაოზე დაფუძნებული/დუალური სწავლების მასშტაბების გაზრდით;

გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დანერგვას;

პროფესიული კონსულტირების სისტემის განვითარებას;

პროფესიული განათლების მასწავლებლების, პროფესიული განვითარების ახალი მოდელის დანერგვას.

ბეჭდვა