სტამბულთან ახლოს, ზეიპორტში გემზე მიტოვებულ ქართველ მეზღვაურებს, გემის მფლობელმა კომპანიამ სახელფასო დავალიანება აუნაზღაურა.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ გემზე მყოფმა ერთ-ერთმა ქართველმა მეზღვაურმა მამუკა ქოჩალიძემ განუცხადა.
„რამდენიმე წუთის წინ, გემზე კომპანიის წარმომადგენლები მოვიდნენ და კუთვნილი გასამრჯელო მოგვიტანეს. თუმცა, ყველას თითო თვის ხელფასი დაგვაკლეს, რაზეც დავთანხმდით, რადგან ძალიან დავიღალეთ და სახლში გვინდა დაბრუნება“ - აღნიშნა ქოჩალიძემ და დასძინა, რომ ხელფასების დაკლების მიზეზად კომპანიაში ფინანსური პრობლემები დასახელდა.
მისივე ინფორმაციით, სახელფასო დავალიანება ეკიპაჟის 10 წევრიდან მხოლოდ ქართველ მეზღვაურებს აუნაზღაურეს, დანარჩენებს კი, დაპირდნენ, რომ კუთვნილ გასამრჯელოს 4 აგვისტოს მისცემდენენ.
რაც შეეხება ქართველი მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნების საკითხს, ქოჩალიძის განმარტებით, ამ ეტაპზე, ისინი ჯერ კიდევ გემზე იმყოფებიან და ხმელეთზე გადამოსვილის შემდეგ გადაწყვეტენ საქართველოში როდის დაბრუნდებიან.
ამასთან, როგორც „ნიუსპრესს“ თურქეთში საქართველოს კონსულმა ზურაბ პატარაძემ განუცხადა, მეზღვაურებს სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, საელჩო დახმარებას აღმოუჩენს.
„იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მეზღვაურს საბუთებთან დაკავშირებით პრობლემა ექნება, ამის მოგვარებში დავეხმარებით. პრობლემის 99% მოგვარებულია, რაც ფინანსურ საკითხს უკავშირდებოდა, რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, მზად ვართ ამაშიც დახმარება გავუწიოთ“ - აღნიშნა პატარაძემ.
გემზე ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა, საიდანაც 6 საქართველოს მოქალაქეა, ხოლო ორი აზერბაიჯანის და ორიც თურქეთის, თუმცა, საქართველოს საელჩოს გარდა დანარჩენი მეზღვაურების ბედით არავინ დაინტერესებულა.
სტამბულთან ახლოს, ზეიპორტში, ბერძნულ-ამერიკულ ფირმა „მეტმარის“ კუთვნილ ტანკერზე, რომელიც თურქებს იჯარით ჰქონდათ აღებული, უკვე სამი თვეა ეკიპაჟის 10 წევრი მიტოვებულია, მათ შორის არის 6 ქართველი მეზღვაური - ზვიად ბრუნჯაძე, რამინ გორგოშაძე, თემურ გოგროჭაძე, ჯემალ მგელაძე, მამუკა ქოჩალიძე და ვეფხია ცინცაძე.
