თბილისის მერიის ინფორმაციით, გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე, მდინარე გლდანულაზე
არსებული ხიდების რეკონსტრუქციის გამო, მიმდინარე წლის 3 თებერვლიდან 5 თებერვლის ჩათვლით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა 18 და 31-მეტრიანი კოჭების მონტაჟითაა განპირობებული, რომელიც ჯამში 52 ერთეულია.
სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში სრული დემონტაჟი მდინარე გლდანულაზე არსებულ ავარიულ ხიდებს ჩაუტარდება - როგორც მალის ნაშენს, ასევე, ბურჯებს. არსებული კონსტრუქციის ნაცვლად, რომელიც სამ პარალელურ ხიდს წარმოადგენს, ახალი ხიდების მშენებლობა მიმდინარეობს.
სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კონსტრაქშენ სერვისი“ აწარმოებს და ის მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება. აღნიშნულ პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 057 871 ლარი დაიხარჯება.
