საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს ვილსონი 29 იანვარს პრემიერ-მინისტრ
მამუკა ბახტაძისა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის სატელეფონო საუბარს აფასებს, მისი განცხადებით, პრეზიდენტის მრჩეველი საქართველოს მიმართ დიდ ინტერესს იჩენს და პრემიერ-მინისტთან სატელეფონო საუბრისას, სხვა თემებთან ერთად, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„მოგეხსენებათ ბატონი ჯონ ბოლტონი დიდ ინტერესს იჩენს საქართველოს მიმართ. ის თქვენს ქვეყანას გასული წლის ოქტომბერში ეწვია. მან შეიტყო სიახლე საქართველოს მიერ ვენესუელის ახალი გარდამავალი პრეზიდენტის მხარდაჭერის შესახებ და საჭიროდ ჩათვალა დაერეკა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის და მადლობა გადაეხადა მისთვის, რადგან საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი თუ არა უპირველესი, რომელმაც მიიღო ასეთი თამამი გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა სატელეფონო საუბარი ასევე შეეხო სხვა საკითხებს. ფართოდ განიხილეს ურთიერთთანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, რასაც ძალიან დადებითად ვაფასებ.“ - განაცხადა როს ვილსონმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ასევე აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, აგრეთვე, ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებებით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხებზე გამახვილდა ყურადღება.
