ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მელიღელე II-ს არქეოლოგიური გათხრები განაახლა.
როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-დან აცნობეს, მელიღელე II ძვ.წ. XII-VIII საუკუნეების სატაძრო კომპლექსია, რომელიც ჩვენამდე პრაქტიკულად ხელუხლებლადაა მოღწეული.
კომპლექსი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანის სამხრეთით მდებარეობს.
თსუ-ს ინფორმაციით, საცხოვრებელი ადგილიდან გამოყოფილი ძვ.წ. II ათასწლეულის ცენტრალური სამლოცველოები – ტაძრები იორ-ალაზნის ორმდინარეთში თანადროული საზოგადოების სოციალ-ეკონომიკური ცხოვრების მაღალი განვითარების მანიშნებელია.
XX ს-ის 60-იან წლებში, კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ მელიღელე I-ის გათხრების დროს მხოლოდ მელიღელე II-ის სამხრეთ-აღმოსავლეთი ყრილის მცირე ნაწილი გაიწმინდა, სადაც დამწვარი ქვის ნამტვრევი ფენის ქვეშ ქვის დიდი ლოდებით ნაგები წრიული კედლის და სათავსოების ზედა ნაწილები აღმოაჩინეს.
არქეოლოგები მელიღელე II-ს სამლოცველოს ქვაყრილში და მის ქვეშ დიდი ლოდებით ნაგებ სათავსოებში სავარაუდოდ, შეწირული ბრინჯაოს და რკინის საბრძოლო და სამეურნეო იარაღებს, ღვთაებების ნაწილებს, სხვადასხვა სამკაულს და სხვა ნივთებს მოიაზრებენ.
არქეოლოგიურ ექსპედიციაში საზაფხულო დასაქმების პროგრამის - „Summer job“ ფარგლებში 19 სტუდენტი მონაწილეობს. მელიღელე II გათხრები 20 აგვისტომდე გაგრძელდება.
