კახა ბექაური - კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას რამდენჯერაც დამჭირდება, იმდენჯერ მივმართავ
კახა ბექაური - კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას რამდენჯერაც დამჭირდება, იმდენჯერ მივმართავ
15:52 01.08.2012
„მეცხრე არხის“ გენერალური დირექტორი კახა ბექაური კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მაუწყებლების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს.
როგორც „ნიუსპრესს“ ბექაურმა განუცხადა, მან 4 ივლისს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან 69 ავტორიზებული პირის სია მიიღო, თუმცა, მას შემდეგ, რაც „მეცხრე არხის“ პაკეტში ჩასმასთან დაკავშირებით მათ წერილები გაუგზავნა, 8 წერილი უკან დაუბრუნდა.
ბექაურის განმარტებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მითითებულ 8 მისამართზე საკაბელო ოპერატორები არ იძებნებიან.
„დაზღევული წერილები DHL-ით გავგზავნე და მარეგულირებლის მიერ მითითებული მისამართებიდან 8 უკან მომიბრუნდა. DHL-მა მაცნობა, რომ აღნიშნულ მისამართებზე დასახელებული საკაბელო ოპერატორები არ იძებნებიან“- განუცხადა „ნიუსპრესს“ ბექაურმა.
მისივე თქმით, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებელს არასწორი მონაცემები მიაწოდა და დროის გაწელვის მიზნით, შეცდომაში შეიყვანა.
ბექაურის ცნობით, მან კომისიას დღეს იმ საკაბელო ოპერატორების ჩამონათვალი გადაუგზავნა, რომლებიც მითითებულ მისამართებზე არ იძებნებიან.
„იმას რატომ არ ამბობს მარეგულირებელი, რომ მე მათ დღეს გავუგზავნე წერილი, სადაც დავურთვე იმ 8 ორგანიზაციის ჩამონათვალი, რომელიც არ იძებნება. მათ შორის DHL-ის წარწერა, რომ ზოგან ბაგა-ბაღია, ზოგან ფერმა. ე.ი. მცდარი სია მომცა და ამით შეჰყავს შეცდომაში მაუწყებლები მარეგულირებელს. სწორედ ეს არის პრობლემა. ამით წელავენ დროს”-აღნიშნა ბექაურმა და დასძინა, რომ მაუწყებელს საკაბელო ოპერატორისთვის მიმართვა საერთოდ არ უნდა სჭირდებოდეს, რადგან must carry-ის პრინციპით ისინი ავტომატურად უნდა ჩართონ ავტორიზებულმა ოპერატორებმა.
ბექაურს მიაჩნია, რომ მარეგულირებელმა და საკანონმდებლო ორგანომ შეგნებულად შეცვალა ეს პრინციპი, რათა მაუწყებლებს ჩართვაზე პრობლემები შექმნოდათ.
მისივე თქმით, მარეგულირებელი პასუხისმგებელია იმ ავტორიზებულ პირთა მონაცემების უტყუარობაზე, რომელიც სიაში ჰყავს.
„მარეგულირებელმა არ უნდა იცოდეს, რომ ავტორიზებული პირი, რომელიც სიაში ჰყავს, მითითებულ მისამართზე უნდა იძებნებოდეს? რომ ირიცხება თუ არა, მითითებულ ადგილას და იქ ბაგა-ბაღი არ იყოს განთავსებული. როცა თვითონ მაწვდის ამ სიას და ვებ-გვერდზე დებს ოფიციალურ მონაცემებს, პასუხისმგებელი არ უნდა იყოს? - აღნიშნა ბექაურმა და დასძინა, რომ მარეგულირებელს რამდენჯერაც საჭირო გახდება, იმდენჯერ მიმართავს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია კახა ბექაურის განცხადებას - ტელეკომპანიებისთვის საკაბელო მაუწყებელთა სიის ხელმიუწვდომლობის შესახებ, დღეს განცხადებით გამოეხმაურა.
„კახა ბექაურის განცხადებით, კომისიის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ტელეკომპანიებმა თავად უნდა მიმართონ საკაბელო ტრანზიტორებს და მხოლოდ ამის შემდეგ აქვთ მათ არხის პაკეტში ჩასმის ვალდლებულება, არასწორია. მისივე თქმით, ტელეკომპანიებისთვის ხელმისაწვდომი არ არის საკაბელო მაუწყებლების სია, რაც სავალდებულო არხების ჩართვის პროცესს გააჭიანურებს.
ბექაურის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან 29 ივნისს, ბექაურმა კომისიას ყველა ავტორიზებული პირის სიის მიწოდებასთან დაკავშირებით წერილობით მიმართა. ხოლო 4 ივლისს კომისიამ „მეცხრე არხის“ გენერალური დირექტორის წერილობითი მოთხოვნა დააკმაყოფილა და მას ავტორიზებულ პირთა სია გაუგზავნა. ამ ეტაპზე კომისიის ოფიციალურ ვებ–გვერდზეც ხელმისაწვდომია მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების იურიდიული და ფაქტობრივი მისამართების და სხვა მონაცემების დაზუსტებული სია“- ნათქვამია განცხადებაში.

ბეჭდვა