61-ე სკოლაში მზის ფოტოელექტრო სისტემა დამონტაჟდა
61-ე სკოლაში მზის ფოტოელექტრო სისტემა დამონტაჟდა
14:25 28.01.2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზვიად როსტომაშვილი დღეს N61-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ და სკოლის სახურავზე დამონტაჟებული, საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის მზის სისტემა დათვალიერეს.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, N61-ე საჯარო სკოლაში 77.76კვტ პიკური სიმძლავრის მზის ფოტოელექტრო სისტემა დამონტაჟდა.

დანადგარის ექსპლუატაციის ვადა 25 წელს აღემატება. პანელები მზის სხივურ ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნიან, ხოლო ნეტო აღრიცხვის გამოყენებით, გამომუშაბეული ენერგიის ცენტრალურ ელექტროქსელში მიწოდება და აღრიცხვა ხდება.

აღსანიშნავია, რომ 61-ე საჯარო სკოლა, დღეისათვის საქართველოში ერთადერთი სასწავლო დაწესებულებაა, სადაც ყველაზე დიდი მზის სადგურია დამონტაჟებული. სადგურის მეშევობით შესაძლებელია სკოლის ელექტროენერგიის წლიური ხარჯის თითქმის 90%-ით შემცირება.

ბეჭდვა