დევნილები ლტოლვილთა მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ
დევნილები ლტოლვილთა მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ
14:29 01.08.2012
საქართველოს ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან პარტია „მომავალი საქართველოს“ ორგანიზებით, დევნილთა მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან დალი ხომერიკთან შეხვედრას მოითხოვენ.
როგორც აქციაზე პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ლაღიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციის მონაწილე დევნილები უკვე მესამე თვეა საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას უშედეგოდ მოითხოვენ.
„მოვუწოდებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს დალი ხომერიკს, ჩამოვიდეს და ამ ხალხს დაელაპარაკოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას მიმართავენ“ - განაცხადა ლაღიძემ და დასძინა, რომ შესაძლებელია, დევნილებმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ.
ამასთან, მიმდინარე აქციისგან დამოუკიდებლად, სამინისტროსთან უკვე მეორე დღეა დევნილი რამაზ არონია შიმშილობს.

ბეჭდვა