ხევსურეთში ავარიის შედეგად დაშავებული ერთი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა
ხევსურეთში ავარიის შედეგად დაშავებული ერთი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა
14:20 01.08.2012
ხევსურეთში დათვისჯვრის უღელტეხილთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთაგან, ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. 23 წლის ახალგაზრდა ქალი რკინიგზის საავადმყოფოშია.

როგორც „ნიუსპრესს“ დაშავებულების ოჯახის წევრებმა განუცხადეს, მოზარდების უმეტესობას ტვინის შერყვა, ხოლო რამდენიმეს მოტეხილობები აქვს. მათი ნაწილი კლინიკებიდან დღეს გაეწერება.

ამასთან, როგორც „ნიუსპრესთან“ საუბრისას ღუდუშაურის სახელობის კლინიკის წარმომადგენელმა მარინა გელანდიამ აღნიშნა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მათთან გადაყვანილი სამი გოგონას ჯანმრთელობის მდგომარება დამაკმაყოფილებელია და ისინი კლინიკას დღის ბოლოს დატოვებენ.

ამასთან, მცხეთში „ჯეოჰოსპიტალში“ მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მათ მრავლობითი მოტეხილობები და დაჟეჟილობები აღენიშნებათ.

ასევე, ავარიის შედეგად დაშავებული სამი მოზარდი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება. მათი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

ავარია წუხელ მოხდა. სამარშუტო ტაქსით თბილისის #43 საჯარო სკოლის 12-ე კლასის კურსდამთავრებულები და მათი პედაგოგები შატილიდან უკან ბრუნდებოდნენ, როდესაც სამარშუტო ტაქსი დაახლოებით 70 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად სულ 16 ადამიანი დაშავადა, აქედან, ოთხი სოფელ ბარისახოს მკვიდრია, ხოლო დანარჩენი 12 თბილისის.



ბეჭდვა