კასპის ქუჩა N2-ში ავარიული სახლის გამაგრება მიმდინარეობს
კასპის ქუჩა N2-ში ავარიული სახლის გამაგრება მიმდინარეობს
12:33 22.01.2019
ავლაბარში, კასპის ქუჩა N2-სა და ქეთევან წამებულის გამზირის N74-ის კუთხეში მდებარე ავარიული სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისური ტიპის ეზოში მდებარე ორსართულიან სახლში მცხოვრებ ცხრა ოჯახს შენობის ავარიულობის გამო, საფრთხე ექმნებოდა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, შენობის სრული გამაგრება დაიწყო. სამუშაოები გამგეობის ბიუჯეტიდან 38 445 ლარით დაფინანსდა.

პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკველის გამაგრება და კედლების მოწყობა, სახლის დაზიანებულ ნაწილში ლითონის ელემენტებით ფანჯრისა და კარის ღიობის მოჩარჩოება, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ელემენტების ჩასმა, ბზარების დამუშავება და სპეციალური მასალით შევსება მოხდება. ასევე, მოეწყობა სეისმური სარტყელი.

მიმდინარე სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანთან ერთდ გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის ამხანაგობასთან ერთად, ავარიული შენობის გამაგრების სამუშაოები დავიწყეთ. პროექტის მიხედვით, სრულად რეაბილიტირდება შენობის დაზიანებული ნაწილი. ამ დროისთვის, დაწყებულია საძირკველის გამაგრების სამუშაოები და გაზაფხულზე, ცხრავე ოჯახს კონსტრუქციულად მდგრად სახლს ჩავაბარებთ“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

კასპის ქუჩა N2-ში საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დასრულდება.

ბეჭდვა