„კარდაკარის“ პროექტის დასრულების შემდეგ ამომრჩევლეთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია მუშაობას არ წყვეტს.
როგორც კომისიის ხელმძღვანელმა მამუკა კაციტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სიების დაზუსტების პროცესი გრძელდება. მისი თქმით, დღეიდან 1 სექტემბრამდე, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ სიაში საკუთარი თავი გადაამოწმონ, ასევე, ცესკოს წინადადებებითა და მოთხოვნებით მიმართონ.
„აქამდე, სიას ვაზუსტებდით მეთოდით - „სიიდან ამომრჩევლამდე“. 1 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე კი, იწყება მეთოდი „ამომრჩევლიდან სიამდე“, რის შემდეგაც 15 სექტემბერს სია დასრულებულ სახეს მიიღებს“- აღნიშნა კაციტაძემ.
ამომრჩევლებს საკუთარი თავის სიაში გადამოწმება შეუძლიათ ცხელ ხაზზე დარეკვით - 2 62 32 32; ასევე, მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით ნომერზე - 2012. ამასთან, ამომრჩეველი სიაში საკუთარ მონაცემებს ელექტრონულ მისამართზე sia.gov.ge -ზეც გადაამოწმებს.
