თბილისის 20-მდე ბაგა-ბაღში სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაო განხორციელდა
თბილისის 20-მდე ბაგა-ბაღში სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაო განხორციელდა
16:34 18.01.2019
თბილისის 20-მდე საჯარო ბაგა-ბაღში ზამთრის არდადეგების პერიოდში, სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაო განხორციელდა. ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, სააღმზრდელო პროცესის დაწყების დროს აღსაზრდელებს ბაღებში კეთილმოწყობილი გარემო დახვდებათ.

კონკრეტულად, სარემონტო სამუშაოები ჩატარდა: N24, N27, N2, N12, N31, N46, N53, N67, N77, N107, N116, N123, N150, N176, N182, N216 ბაგა-ბაღებში, სადაც საჭიროებისამებრ შეიცვალა ელექტროგაყვანილობის დაზიანებული ქსელები, სახურავებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ღონისძიებებისა და სპორტული დარბაზები გარემონტდა.

„სააგენტო პერიოდულად, ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით, ბაგა-ბაღებში სარემონტო სამუშაოებს აფინანსებს. საბავშვო ბაღი მხოლოდ ინფრასტრუქტურა არ არის, ეს არის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულება, სადაც ყოველდღიურად, 200-დან 900-მდე ადამიანი დღის უმეტეს ნაწილს ატარებს. შესაბამისად, ის მუდმივად საჭიროებს განახლებას, ინვენტარის შეცვლა-დამატებას და სხვადასხვა სარემონტო სამუშაოებს” - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.

სარემონტო სამუშაოების გარდა, გასულ თვეში თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ხუთი საბავშვო ბაგა-ბაღის სამზარეულოებისთვის ელექტროღუმელები, ელექტროქურები და სხვადასხვა აქსესუარები შეიძინა.

ბეჭდვა