განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით,
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში კრედიტქულების დაგროვების სისტემა გაუქმდება, რაც, მინისტრის შეფასებით განათლების ხარისხს მნიშვნელოვნად გაზრდის და მასწავლებლები ბიუროკრატიისგან გათავისუფლდებიან. როგორც მინისტრმა ზოგადი განათლების მიმართულებით სამინისტროში მიმდინარე პრეზენტაციაზე განაცხადა, სქემაში ცვლილება განპირობებულია ბიუროკრატიული ფორმების აღმოსაფხვრელად, რადგან პედაგოგისთვის მნიშვნელოვანია საგაკვეთილო პროცესი, მოსწავლეებზე ორიენტირება და ახალი მიდგომების დანერგვა, რასაც სწორედ ეს ცვლილება ემსახურება.
„ჩვენი პრიორიტეტი და ორიენტირი მოსწავლე, მისი განვითარება და პედაგოგია, რომელიც ამას უზრუნველყოფს. არსებული სქემა კი ამის საშუალებას და შედეგს არ იძლევა, ის დღეს მხოლოდ ხელისშემშლელი ფაქტორია. მასწავლებლები გათავისუფლდებიან ბიუროკრატიისგან და შეექმნებათ საშუალება მეტი შემოქმედებითობისთვის. რამდენად კარგია მასწავლებელი, უნდა ჩანდეს გაკვეთილზე და არა ქაღალდებში“ - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.
მინისტრის თქმით, ცვლილება ეტაპობრივად განხორციელდება, რათა არ მოხდეს პროცესის რღვევა მათთვის, ვინც უკვე ჩართულია სქემაში. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ უქმდება თვითშეფასების კითხვარიც, რომელიც ნებაყოფლობითი გახდება.
