მართლმადიდებელი სამყარო დღეს წმინდა მამის - ღირსი სერაფიმე საროველის ხსენების დღეს აღნიშნავს.
როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოში განუცხადეს, დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება.
დღესვე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოში წმიდა სერაფიმე საროველის სახელობის ტაძარი გაიხსნება. ტაძარს ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე მელქისედეკი აკურთხებს და წირვას ჩაატარებს.
ღირსი სერაფიმე საროველი 1754 წლის 1 ივლისს კურსკში დაიბადა. საროვის უდაბნოში მოღვაწე წმიდა მამის ნათელი მთელ რუსეთს ეფინებოდა.
ანგელოზებრივ სიწმიდეს მიახლებული, განჭვრეტისა და სასწაულთქმედების ნიჭით შემკული მამა 1833 წლის 2 იანვარს მიიცვალა. იგი ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის საკურთხევლის მარჯვენა მხარეს დაკრძალეს.
1903 წლის 1 აგვისტოს, ნეტარი სერაფიმეს დაბადების დღეს, საროვში რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ II-ის, სამეფო ოჯახის სხვა წევრებისა და 300 ათასამდე მლოცველის თანდასწრებით მისი წმიდა ნაწილების საზეიმო აღმოყვანება აღესრულა. ისინი წინასწარ გამზადებულ ლუსკუმაში გადააბრძანეს. ამ მოვლენას მრავალი სასწაული და კურნება ახლდა თან.
ღირსი მამის სერაფიმე საროველის ხსენების დღე წელიწადში ორჯერ - ახალი სტილით 15 იანვარს და 1 აგვისტოს აღინიშნება.
