მობილობის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება
მობილობის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება
09:16 01.08.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2012 წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის ვადა 1 აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით განისაზღვრა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს დაწესებულებაში გადასვლის მსურველმა სტუდენტებმა თავიანთი არჩევანი ელექტრონულ პორტალზე უნდა დააფიქსირონ, რომელიც დღეიდან ამოქმედდება.
ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია პირადი თერთმეტნიშნა ნომრითაა შესაძლებელი. არჩევანის რეგისტრაციისთვის მან სასურველი პროგრამები უნდა მონიშნოს.
მობილობის მსურველს პრიორიტეტების გათვალისწინებით, მაქსიმუმ 5 ფაკულტეტის ან პროგრამის არჩევის უფლება აქვს. სტუდენტს სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მხოლოდ აკრედიტებულ პროგრამაზე გადასვლის შემთხვევაში გადაყვება.
სტუდენტები მობილობაზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. მობილობის გადასახადისგან თავისუფლდებიან სტუდენტები, რომელთა ოჯახებიც მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის პერიოდში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არიან რეგისტრირებული და მათი სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება.

ბეჭდვა