თურქეთში გემზე მიტოვებულ ქართველ მეზღვაურებს ხელფასი დღესაც არ მისცეს
თურქეთში გემზე მიტოვებულ ქართველ მეზღვაურებს ხელფასი დღესაც არ მისცეს
17:08 31.07.2012
სტამბულთან ახლოს, ზეიპორტში გემზე მიტოვებულ ქართველ მეზღვაურებს სახელფასო დავალიანება დღესაც არ აუნაზღაურეს.

როგორც „ნიუსპრესს“ გემზე მყოფმა ერთ-ერთმა ქართველმა მეზღვაურმა მამუკა ქოჩალიძემ განუცხადა, გუშინ გემის კაპიტანს შეხვდნენ, რომელიც აღნიშნავდა, რომ მეზღვაურები ხელფასს დღეს ან ხვალ მიიღებდნენ, თუმცა, თანხა ამ დრომდე, არ მიუტანიათ.

ქოჩალიძის თქმით, მეზღვაურებს დღეს გემის მფლობელი კომპანიის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ კუთვნილ გასამრჯელოს 3 აგვისტომდე დაფარავენ.

„კომპანიის წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ რომელ რიცხვში მოგვცემენ ხელფასს, თუმცა, მათ ვადა 3 აგვისტომდე აქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თურქეთში საქართველოს საკონსულო შესაბამის ზომებს მიიღებს“ - აღნიშნა „ნიუსპრესთან“ საუბრისას ქართველმა მეზღვაურმა.

გემზე ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფება, საიდანაც 6 საქართველოს მოქალაქეა, ხოლო ორი აზერბაიჯანის და ორიც თურქეთის, თუმცა, საქართველოს საელჩოს გარდა დანარჩენი მეზღვაურების ბედით არავინ დაინტერესებულა.

ქოჩალიძის ინფორმაციით, კომპანიის საერთო დავალიანება 170 ათას აშშ დოლარს შეადგენს, აქედან, ქართველი მეზღვაურებისთვის მათ მიერ გადასახდელი თანხა 70 ათასამდეა.

სტამბულთან ახლოს, ზეიპორტში, ბერძნულ-ამერიკულ ფირმა „მეტმარის“ კუთვნილ ტანკერზე, რომელიც თურქებს იჯარით ჰქონდათ აღებული, უკვე სამი თვეა ეკიპაჟის 10 წევრი მიტოვებულია, მათ შორის არის 6 ქართველი მეზღვაური - ზვიად ბრუნჯაძე, რამინ გორგოშაძე, თემურ გოგროჭაძე, ჯემალ მგელაძე, მამუკა ქოჩალიძე და ვეფხია ცინცაძე.

ბეჭდვა