საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული
ცენტრის დირექტორმა შოთა ნიჟარაძემ დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მემორანდუმი სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს მიერ ეროვნულ უმცირესობათა ენებზე ნათარგმნი გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების რედაქტირებასა და დახვეწას ისახავს მიზნად.
ასევე, მემორანდუმის ფარგლებში, საბჭო ეროვნულ უმცირესობათა ენებზე ნათარგმნი სასკოლო სახელმძღვანელოების საგნობრივი რედაქტირების შესახებ რეკომენდაციებს და წინადადებებს მოამზადებს.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ რეკომენდაციებსა და წინადადებებს განიხილავენ და ერთობლივ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება საქართველოს ყველა მოქალაქეს საგანმანათლებლო პროცესში სრულფასოვან რეალიზაციაში დაეხმარება.
