პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე დღეს ქართველ სპორტსმენს, შერეულ
ორთაბრძოლებში მსოფლიო ჩემპიონს რომან დოლიძეს შეხვდა.
ჩემპიონმა მის მიერ ჩატარებული შეჯიბრებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. ბათუმელი სპორტსმენი რომან დოლიძე ამჟამად უკრაინაში მოღვაწეობს. მან კანონმდებლებთან შეხვედრაზე მიმდინარე წელი შეაჯამა, რომელიც მისთვის მეტად წარმატებული იყო - ექვსი ჩატარებული ორთაბრძოლიდან ექვსივე მოგებით დაასრულა და WWFC- ის ეგიდით ნახევრადმძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონის ქამრის ორგზის მფლობელი გახდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის წევრები მუხრან ვახტანგაძე და სიმონ ნოზაძე. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ჩვენი ხელისუფლების სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია ახალგაზრდების და მოზარდების სპორტში ჩაბმისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისაკენ. „ერთ-ერთი უსერიოზულესი გამოსავალი ჩვენი ახალგაზრდების და მოზარდი თაობის მოტივირებაში, ხასიათის ჩამოყალიბებაში, წარმატებულ სწავლაში, ჯანსაღი ახალგაზრდა საზოგადოების ჩამოყალიბებაში არის სპორტი. ჩვენი მიზანია ამ მიმართულებით მათი მოტივირება და ხელის შეწყობა“, -განაცხადა ილია ნაკაშიძემ.
დაიგეგმა ჩემპიონის შეხვედრები ახალგაზრდულ ჯგუფებთან. შეხვედრაზე ისაუბრეს შერეული ორთაბრძოლების დიდი ტურნირის საქართველოში ჩატარების შესაძლებლობაზე.
ილია ნაკაშიძემ და შეხვედრაზე დამსწრე დეპუტატებმა სპორტსმენს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
