განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ერთობლივი
სასტიპენდიო პროგრამა საფრანგეთის მთავრობის მიერ განხორციელებული პროგრამების ნაწილია.
ყოველწლიურად, 10 000 სტიპენდია გაიცემა მსოფლიოს მასშტაბით 163 ქვეყანაში. ეს პროგრამა, მსოფლიოს ამ კუთხეში, საფრანგეთის სახელმწიფოსა და მეორე ქვეყნის მთავრობის ერთობლივად დაფინანსებული სასწავლო სტიპენდიების იშვიათი მაგალითია. ეს ადასტურებს ჩვენი საელჩოს აშკარა ნდობას განათლების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობაში, რომელიც ქვეყანაში ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. ფრანგულ-ქართულ სპეციალურ პროგრამებში უკვე 50-ზე მეტი სტიპენდიაა გაცემული და ამას მომავალი წლისთვის კიდევ 15 დაემატება. საფრანგეთი ამ პროგრამისთვის წელიწადში 100 000 ევროს გამოყოფს. საფრანგეთის მთავრობისთვის მნიშვნელოვანია სტიპენდიების მინიჭების პროცედურების მაქსიმალური გამჭვირვალობა და პროფესიონალიზმი, რასაც განათლების საერთაშორისო ცენტრიც იზიარებს. შეფასების პროცესები მიმდინარეობს სპეციალური კომპიუტერული პროგრამის დახმარებით, საბჭოს წევრების შერჩევა ერთობლივად ხორციელდება, წევრთა შორის აუცილებლად უნდა იყოს საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელი. პროგრამის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საფრანგეთის საელჩო ისურვებდა, რომ სტუდენტების შესარჩევ ჟიურიში იყოს განათლების სამინისტროს მიერ დანიშნული წარმომადგენელიც.
აღნიშნული პროგრამა საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლობის ცენტრალური სტრატეგიული ელემენტია. ჩვენ აქ იმისთვის ვმონაწილეობთ, რომ მხარი დავუჭიროთ ქართული უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციას სასტიპენდიო პროგრამებისა და, ასევე, ტექნიკური თანამშრომლობის საშუალებით.
აღნიშნულ სფეროში, საფრანგეთის განათლების სამინისტროს ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტომ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღოს განათლების საერთაშორისო ცენტრის „საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამაში“, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სფეროებს: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები (მათ შორის, სამართალი, მართვა, პოლიტიკური მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობები).
დღეისთვის, ჩვენი სტიპენდიატების უმრავლესობა სოციალური და ჰუმანიტარული მიმართულებებით აგრძელებს სწავლას, რადგან პოლიტიკურ მეცნიერებებს, სამართლის ფაკულტეტებსა და ბიზნესის ფრანგულ სკოლებს საერთაშორისო რეპუტაცია აქვს. თუმცა, საფრანგეთი ფიზიკის, ინჟინერიის, ბიოლოგიისა და მათემატიკურ სფეროებშიც გამორჩეულია. ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, საფრანგეთი მეორე ქვეყანაა „ფილდის“ მედლის მფლობელთა რაოდენობით. აქედან გამომდინარე, საფრანგეთი სტუდენტებს რეკომენდაციას უწევს, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში საფრანგეთში სამაგისტრო სტიპენდიის მოსაპოვებლად. საფრანგეთი რეგიონების უნივერსიტეტების სტუდენტებსაც მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღონ კონკურსებში.
განათლების სფეროში ეს ჩვენს მნიშვნელოვან ჩართულობაზე მეტყველებს. ჩვენ გვსურს, შესაძლებლობის ფარგლებში, მხარი დავუჭიროთ რეგიონული უნივერსიტეტების განვითარებას.
