თურქეთში გემზე მიტოვებულ ქართველ მეზღვაურებს საკვები და წყალი მიაწოდეს
თურქეთში გემზე მიტოვებულ ქართველ მეზღვაურებს საკვები და წყალი მიაწოდეს
18:31 30.07.2012
სტამბულთან ახლოს, ზეიპორტში გემზე მიტოვებულ ქართველ მეზღვაურებს გემის მფლობელი კომპანიის წარმომადგენლებმა დღეს საკვები და წყალი მიაწოდეს.

ამის შესახებ „ნიუსპრესს“ გემზე მყოფმა ერთ-ერთმა ქართველმა მეზღვაურმა მამუკა ქოჩალიძემ განუცხადა.

მისი თქმით, დღეს ეკიპაჟის წევრებს გემის კაპიტანიც შეხვდა და პირობა მისცა, რომ კუთვნილი გასამრჯელოს ნაწილს ხვალ გადაუხდიან, ხოლო დარჩენილ დავალიანებას მეზღვაურებს 1-ელ აგვისტოს სრულად აუნაზღაურებენ.

მამუკა ქოჩალიძის თქმით, გემზე ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფება, საიდანაც 6 საქართველოს მოქალაქეა, ხოლო ორი აზერბაიჯანის და ორიც თურქეთის, თუმცა, საქართველოს საელჩოს გარდა დანარჩენი მეზღვაურების ბედით არავინ დაინტერესებულა.

„კომპანიის საერთო დავალიანება 170 ათას აშშ დოლარს შეადგენს, აქედან, ქართველი მეზღვაურებისთვის მათ მიერ გადასახდელი თანხა 70 ათასამადეა. აზერბაიჯანის მოქალაქეებსაც ჩვენი იმედი აქვთ, რომ კუთვნილი ხელფასი მიიღონ და სახლებში დაბრუნება შეძლონ“ - აღნიშნა მან.

რაც შეეხება მეზღვაურების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ქოჩალიძის თქმით, ისინი ძლიერი ნერვული სტრესის ქვეშ არიან.

სტამბულთან ახლოს, ზეიპორტში, ბერძნულ-ამერიკულ ფირმა „მეტმარის“ კუთვნილ ტანკერზე, რომელიც თურქებს იჯარით ჰქონდათ აღებული, უკვე სამი თვეა ეკიპაჟის 10 წევრი მიტოვებულია, მათ შორის არის 6 ქართველი მეზღვაური - ზვიად ბრუნჯაძე, რამინ გორგოშაძე, თემურ გოგროჭაძე, ჯემალ მგელაძე, მამუკა ქოჩალიძე და ვეფხია ცინცაძე.

ბეჭდვა