მომავალ წელს ორგანული წარმოებისა და სერტიფიცირების ხელშეწყობის პროგრამა დაიწყება
მომავალ წელს ორგანული წარმოებისა და სერტიფიცირების ხელშეწყობის პროგრამა დაიწყება
10:42 13.12.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მომავალ წელს ორგანული წარმოების და სერტიფიცირების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებას იწყებს.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ორგანიზებით, თბილისი მარიოტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე იმ მექანიზმების შემუშავების საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც საქართველოში ორგანული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებას ხელს შეუწყობს.

„სახელმწიფო ორგანული პროდუქციის წარმოების და სერტიფიცირების ხელშეწყობის კუთხით მნიშვნელოვან კომპლექსურ პროგრამას იწყებს, რაც პრემიერ-მინისტრის მწვანე ეკონომიკური პოლიტიკის ინიციატივის ნაწილია. აქამდე, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხრიდან ფერმერული მეურნეობებისთვის ფრაგმენტული დახმარებები იყო. ეს არის ბაზა, რომელზეც უნდა ავაშენოთ უფრო ფართომასშტაბიანი მსხვილი პროგრამა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტია. ეს გულისხმობს, როგორც კონკრეტულ თანადაფინანსებას პირველადი თუ გადამმუშავებელი მწარმოებლებისთვის და საგადასახადო შეღავათებს, ისე სერტიფიცირების პროცესსა და ცოდნაში დახმარებას. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის დიზაინში ყველა დაინტერესებული მხარეა ჩართული, მათ შორის, ასოციაციები, რომლებსაც ორგანული მეურნეობების წახალისების კუთხით საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბიოწარმოების მიმართულებით საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს. ამ პოტენციალის ათვისება ორმაგად მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ასეთ პროდუქციაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება.

შეხვედრაში მონაწილეობა ბიომწარმოებლებმა, ბიოსერტიფიცირების გამცემმა ორგანიზაციებმა, დონორმა ორგანიზაციებმა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიიღეს.

ახალი პროექტი „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში უნდა განხორციელდეს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

ბეჭდვა