საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი პაციენტის საქმეს სამედიცინო რეგულირების სააგენტო შეისწავლის
საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი პაციენტის საქმეს სამედიცინო რეგულირების სააგენტო შეისწავლის
16:11 30.07.2012
ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტო 30 წლის ქალბატონის გარდაცვალების ფაქტს შეისწავლის, რომელსაც საკეისრო კვეთის შემდეგ სეფსისი განუვითარდა.
როგორც „ნიუსპრესს“ სამედიცინო რეგულირების სააგენტოში განუცხადეს, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს სააგენტოსთვის საჩივრით ჯერ არ მიუმართავთ. თუმცა, სააგენტო აღნიშნული საკითხით დაინტერესდა და საქმეს დეტალურად შეისწავლის.
„შედეგების წინასწარ განსაზღვრა რთულია. აღნიშნულ ფაქტს შევისწავლით და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. შედეგებზე ღონისძიებები შესაბამისად გატარდება“ - განაცხადეს რეგულირების სააგენტოში.
გაგუას სახელობის კლინიკაში 30 წლის ქალბატონი საკეისრო კვეთის შემდეგ წარმოქმნილი გართულებებით გარდაიცვალა.
ის საკეისრო კვეთიდან რამდენიმე დღეში კლინიკიდან სახლში გაწერეს, რის შემდეგაც თავბრუსხვევები დაეწყო და ტემპერატურამ აუწია. აღნიშნული ნიშნების გამო პაციენტმა სტაციონარს ხელმეორედ მიმართა.
მას საკეისრო ჭრილობის გამო ორგანიზმის მწვავე სეფსისი დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ქირურგიული ჩარევის დროს კი, სეპტიკური შოკის შედეგად გული გაუჩერდა და მედიკოსებმა პაციენტის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.
ნათესავები გაგუას კლინიკის მედპერსონალს ბრალს არაპროფესიონალიზმში სდებენ. ისინი ამტკიცებენ, რომ პაციენტს ჯერ კიდევ ღია ჭრილობა ჰქონდა, როდესაც ექიმებმა სახლში გაწერეს.

ბეჭდვა