საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის დროებით მოვალეობის შემსრულებელი ბრიჯიტ ბრინკი ავღანეთში 31-ე ბატალიონის კაპრალის
გივი ფანცულაიას დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც ბრიჯიტ ბრინკის განცხადებაშია აღნიშნული, იგი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და თანაუგრძნობს მის ახლობლებსა და თანამებრძოლებს.
„ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ბრძოლის გამო ქართველი ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების მიმართ ღრმა პატივისცემას გამოვხატავთ, რადგან საქართველოს შეიარაღებული ძალების მსახურება ფასდაუდებელი და საამაყოა“- ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ამერიკის საელჩო დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისა და მათი ოჯახების მიმართ პატივისცემას განაგრძობს.
კაპრალი გივი ფანცულაია 2012 წლის იანვარში ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში დაიჭრა. ამერიკულმა მხარემ მას ადგილზევე აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობდნენ, მათ შორის, გერმანიაში, ამერიკის სამხედრო ჰოსპიტალში. ექიმების მცდელობის მიუხედავად, გივი ფანცულაის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კაპრალი ავღანეთში მოწინააღმდეგის მიერ ნაღმმტყორცნი ჭურვის აფეთქების შედეგად მიღებული ჭრილობებით 26 ივლისს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
