კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ძიუდოისტ ლაშა შავდათუაშვილს ოლიმპიური ჩემპიონობა მიულოცა. მილოცვის
ტექსტი ივანიშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.
„ამ წუთებში ყველა ქართველი ბედნიერია. მინდა მეც მოგილოცოთ, ერთად ვიზეიმოთ ქართველი სპორტსმენის, ლაშა შავდათუაშვილის გამარჯვება ლონდონის ოლიმპიადაზე. იმედი მაქვს, ლაშას მიერ საქართველოსთვის მოპოვებული ოქროს მედალი მხოლოდ დასაწყისია და ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენები კიდევ ბევრ სიხარულს მოუტანენ ჩვენს სამშობლოს.მთელი საქართველო ამაყობს ლაშას წარმატებით და მეც, თქვენთან ერთად, ამაყი ვარ წარმატებული, ძლიერი, გამარჯვებული ქართველებით, რაც ქვეყნის წარმატების და კიდევ უფრო მეტი გამარჯვების საწინდარი იქნება“-ნათქვამია კოალიციის ლიდერის მილოცვაში.
ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი გუშინ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. 20 წლის ძიუდოისტმა ლონდონურ ფინალში 31 წლის უნგრელი სპორსტმენი მიკლოშ უნგვარი დაამარცხა.
შავდათუაშვილმა ოთხოვე ბრძოლა მოიგო. ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ჩილელი ალეხანდრო ზუნიგა, ფრანგი დავით ლაროსი, ბრიტანელი კოლინ ოუთსი და უნგრელი სპორსტმენი მიკლოშ უნგვარი. ეს 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ქართველებისთვის პირველი ოქროს მედალია.
