ქართველ ძიუდოისტ ლაშა შავდათუაშვილს ოლიმპიური ჩემპიონობა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიულოცა. ამის შესახებ
პრეზიდენტის ოფიციალურ facebook-ზეა ნათქვამი.
„დღეს დაუვიწყარი დღეა მთელი საქართველოსთვის, განსაკუთრებით კი გორისთვის - 20 წლის გორელი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია მასზე ბევრად გამოცდილ მეტოქეს, ირწმუნა საკუთარი თავის და ეროვნულ ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ამ გამარჯვებას, უპირველესად ვულოცავ ლაშას, შემდეგ კი, ყველა გულშემატკივარს - მთელ საქართველოს“ - აღნიშნულია პრეზიდენტის მიმართვაში.
მისი თქმით, შავდათუაშვილმა კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს როგორი მებრძოლები იზრდებიან საქართველოში.
„მისი გამარჯვება სხვა არაფერია თუ არა სამშობლოს უზომო სიყვარული, თავდადება და პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ“- აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.
ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ლონდონის ოლიმპიადაზე გუშინ ოქროს მედალოსანი გახდა. ოლიმპიადაზე ეს საქართველოს გუნდის პირველი გამარჯვებაა.
