განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებით, სამინისტროსთვის
განათლების სფეროს და მასთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიზირება და პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება მიუღებელია.
განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ სამინისტრო არ დაუშვებს, რომ ნებისმიერი სასწავლო დაწესებულება პოლიტიკური სპეკულაციის საგნად იქცეს.
„უკანასკნელი დღეების განმავლობაში განათლების სისტემის წინააღმდეგ მიზანმიმართულ, ცილისმწამებლურ კამპანიასთან დაკავშირებით, ვაცხადებთ:
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის კატეგორიულად მიუღებელია განათლების სფეროს და მასთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიზირება და პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება! აღნიშნული აზიანებს სასწავლო პროცესს, მოსწავლეების, პედაგოგებისა და მშობლების ინტერესებს, მთლიანად განათლების სისტემას და ხელს უშლის მის სრულფასოვან ფუნქციონირებას. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სამინისტროს ინსპექტირების სამსახური რეგულარულად აწარმოებს და მომავალშიც გააგრძელებს (მათ შორის, გეგმიურად და საჩივრის საფუძველზე) სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების საქმიანობის შესწავლას სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის სრულყოფილად წარმართვისათვის. ეს არის სამუშაო პროცესი და სკოლებში ხარვეზების, გადაცდომების, სხვადასხვა ტიპის დარღვევის აღმოფხვრას, მართვის ხარისხის შეფასებას და შესაბამის რეაგირებას ემსახურება. 2012 წლიდან ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი მიღწევა განათლების სფეროს დეპოლიტიზაციაა და სამინისტრო არ დაუშვებს, რომ ნებისმიერი სასწავლო დაწესებულება პოლიტიკური სპეკულაციის საგნად იქცეს,” - ნათქვამია განცხადებაში.
