გრეგ კრავჩუკი: ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში საქართველოს სწორი კურსი აქვს აღებული
გრეგ კრავჩუკი: ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში საქართველოს სწორი კურსი აქვს აღებული
14:06 04.12.2018
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი, გრეგ კრავჩუკი ესწრებოდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა მავნებლის გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ გამოცდილებამ, რომელიც ქართველმა სპეციალისტებმა ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი მეცნიერისგან მიიღეს, მავნებელთან ბრძოლის სისტემური მიდგომის ჩამოყალიბება განაპირობა. განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წელს აზიური ფაროსანას რიცხოვნობა შემცირდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, გრეგ კრავჩუკის შეფასებით, მავნებელთან ბრძოლის პროცესში საქართველოს სწორი კურსი აქვს აღებული და დღევანდელი შედეგებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ 2-3 წელიწადში მავნებლის პოპულაცია რეგულირებადი გახდება.

„აშშ-ის გამოცდილების გათვალისწინებით, თქვენ შექმენით საქართველოს რეალობაზე მორგებული მავნებელთან ბრძოლის სისტემა და სამოქმედო გეგმა - ფაროსანასთან ბრძოლის ამერიკული პროგრამის ქართული ვერსია. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოსგან განსხვავებული ვითარებაა. ამერიკაში მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებენ ფერმერები, საქართველოში კი სახელმწიფო ატარებს მასშტაბურ ღონისძიებებს და ებრძვის მავნებლის გავრცელების კერებს. ყველა მეთოდი, რომელიც გამოიყენება, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები, შეწამვლითი ღონისძიებები, აგრეთვე მავნებლის ბუნებრივი მტრის ძიების პროცესი არის უმნიშვნელოვანესი და ქართულ რეალობაზე მორგებული“, - განაცხადა გრეგ კრავჩუკმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თანამშრომლობა ქართველ და აშშ-ის სპეციალისტებს შორის გაგრძელდება. გრეგ კრავჩუკი საქართველოში სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის - USAID/GHIP მხარდაჭერით იმყოფება. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის წამყვანი ენტომოლოგი 5-6 ოქტომბერს დაგეგმილ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს, რომელიც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებს შეეხება. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვასა და სტრატეგიის შემუშავებაში პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი 2016 წლიდან არის ჩართული.
ბეჭდვა