სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში
საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ადამიანის ცხოვრებასა და მის დანიშნულებაზე იქადაგა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ადამიანის ცხოვრება ურთულესი პროცესია და მისი მარტივად აღქმა შეუძლებელია.
უწმინდესის თქმით, ადამიანი ვერ ჩაწვდება ბოლომდე თუ რა არის მისი სულიერი და ფიზიკური არსი.
„შეიძლება არც არის საჭირო ამის გაგება, მაგრამ ჩვენ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ - ადამიანისთვის ღვთის არსი და განგება მიუწვდომელია, ჩვენ შეგვიძილია მხოლოდ განვსაზღვროთ ის, თუ როგორ გამოვლინდება ღვთის ძალა ადამიანში, მცენარესა თუ ცხოველში. მეტი არაფერი“ - ბრძანა ილია მეორე და დასძინა, რომ ადამიანისთვის ცხოვრება გამოცდაა, რომელსაც ის ყოველდღიურად აბარებს.
პატრიარქმა მაგალითისთვის აბრაამის ცხოვრება გაიხსენა და აღნიშნა, რომ იგი არ დაეჭვებულა უფლის ბრძანებაში, როცა მას უფალმა შვილის მხვერპლად შეწირვა მოსთხოვა.
უწმინდესის თქმით, ყოველ ჩვენგან ცხოვრება უწევს ისეთ დროს, როცა ყოველი დღე და საათი მისთვის გამოცდაა და ადამიანს შესაძლებლობა აქვს ბევრი სიკეთე და ბოროტება გააკეთოს.
„ადამიანს, როცა ძალაუფლება გააჩნია, შეუძლია ბევრი სიკეთე და ამასთანავე, ბოროტებაც გააკეთოს, ამიტომ, შევთხოვთ უფალს, რომ ბევრი სიკეთე გაგვაკეთებინოს. თუ გვექნება იმედი და მივენდობით ღვთის ნებას, ყველაფერი კარგად იქნება“ - ბრძანა უწმინდესმა.
