ლონდონის ოლიმპიადაზე პირველი ჩემპიონის ტიტული ჩინელმა სპორტსმენმა ქალმა იი სილინგმა მოიპოვა, რომელმაც "სამეფო
არტილერიის ყაზარმაში", 10 მეტრზე პნევმატური შაშხანით სროლაში გაიმარჯვა.
ფინალში მთავარი დაპირისპირება იი სილინგსა და პოლონელ სილვია ბოგანსკას შორის მიმდინარეობდა, სადაცა პოლონელმა ზედიზედ გააცუდა მეშვიდე და მერვე სროლა და მესამე ადგილზე ჩაინაცვლა, ბოლო სროლა კი თითქმის იდეალურად შეასრულა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ბრინჯაოს მედალი შეხვდა კიდევ ერთ ჩინელს იუ დანს. 2008 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი, ჩეხი კატერინა იმონსი მეოთხე ადგილზე გავიდა.
ხვალ ამავე დარბაზში მედლების კომპლექტი გათამაშდება პნევმატური პისტოლეტით სროლაში, სადაც მონაწილეობას ვეტერანი ქართველი სპორტსმენი ნინო სალუქვაძე მიიღებს.
ოლიმპიადაზე ასპარეზობა ქართველმა ძიუდოისტმა ბეთქილ შუკვანმა გამარჯვებით დაიწყო. მან ავსტრალიელი ერნი დიკინსი იპონით დაამარცხა და მეორე რაუნდში გავიდა, თუმცა ფრანგ სოფიან მილუსთან ბოლო წამებში უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და დამარცხდა.
