მარიამ ჯაში და გიორგი ვოლსკი მოქმედი საკულტო ნაგეობების რუკის ელექტრონული ნაბეჭდი მასალის პრეზენტაციას დაესწრნენ
მარიამ ჯაში და გიორგი ვოლსკი მოქმედი საკულტო ნაგეობების რუკის ელექტრონული ნაბეჭდი მასალის პრეზენტაციას დაესწრნენ
09:58 21.11.2018
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი სასტუმრო ბილთმორში მოქმედი საკულტო ნაგებობების რუკის ელექტრონული ნაბეჭდი მასალის პრეზენტაციას დაესწრნენ, რომელიც რელიგიის საკითხთა სააგენტოს მიერ იყო ორგანიზებული.

პროექტი „უნივერსალური ბარათი - ტურისტებისთვის და ვიზიტორებისთვის“ ემსახურება საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული „ტურიზმის განვითარების სტრატეგია-2025“ პროგრამის მხარდაჭერის საქმეს. სეილქარდის ბარათი განკუთვნილია ქვეყანაში შემოსული უცხოელი ტურისტებისთვის და ვიზიტორებისთვის, რომელიც უნივერსალურია და ანალოგი არ მოეპოვება. მას ახასიათებს: ყოვლისმომცველობა, მობილურობა, პრაქტიკულობა და ხელმისაწვდომობა. პროექტს დადებითი შეფასება მისცა და მხარს უჭერს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა მარიამ ჯაშმა.

„გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა, რომ თქვენ დღეს დაასრულეთ ისტორიული შრომა. საკულტო ნაგებობების ამ მასშტაბის აღწერა საქართველოში პრაქტიკულად დღემდე არ განხორციელებულა. თქვენ რუკაზე დაიტანეთ საქართველოს ტოლერანტობის ისტორია. ნამდვილად უნიკალურია რელიგიური თავისუფლებისა და ტოლერანტობის ის კულტურა, რომელიც საქართველოში არსებობს და დღევანდელი რუკა საშუალებასგვაძლევს, ხმამაღლა, შესაბამისი სტატისიკური მონაცემებით რიცხვებში განვაცხადოთ რამდენად მდიდარია და მრავალფეროვანია ჩვენი ურთიერთობები, კულტურა და ისტორია“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა. მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით 2518 რელიგიური და საკულტო ნაგებობის აღწერა მოხდა.

„ეს არ გახლავთ მხოლოდ რუკაზე აღწერილი საქართველოს რელიგიური კულტურა. ეს ინფორმაცია ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ როგორც საქართველოში დიალოგის ფორმატში, ასევე საერთაშორისო ფორუმებზე“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

როგორც მან განაცხადა, თითოეული რელიგიური კონფესიის მიმართ თანადგომა უნდა გაგრძელდეს, თუმცა მისივე თქმით, არსებულმა თანაფარდობამ აჩვენა, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია და მხარდაჭერა სჭირდება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას.

გიორგი ვოლსკიმ ყურადღება გაამახვილა საკულტო ნაგებობების რუკის მნიშვნელობაზე.

„საკულტო ნაგებობები არის ის თემა, რომელიც მნიშვნელოვანია არა მარტო პრაქტიკული თვალსაზრისით, არამედ ის არის ჩვენი მომავალი თაობის სწავლების საგანგებო წყარო. ჩვენი მომავალი თაობა უნდა ფლობდეს ცოდნას, ქედს იხრიდეს და პატივს სცემდეს იმ სწავლებას, რასაც მართლმადიდებლური ეკლესია საუკუნეების განმავლობაში ამკვიდრებს საქართველოში“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მას მიაჩნია, რომ რელიგიის საკითხთა სააგენტომ სახელმწიფო მინისტრის ჩართულობით, პარლამეტის გვერდით დგომით მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან იმისათვის, რომ წარმოდგენილმა რუკამ პრაქტიკული ასახვა ჰპოვოს სასწავლო პროცესში.
ბეჭდვა